გასულ კვირას რამდენიმე სამთავრობო ცვლილებას განხორციელდა. მოულოდნელი იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და ვიცეპრემიერის ივანე მაჭავარიანის თანამდებობის დატოვება, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმას, ჯერ კიდევ 2020 წლის წლის ბოლოს გეგმავდა. მის ნაცვლად პრემიერმა ლაშა ხუციშვილი წარადგინა, რომელიც ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას წლების განმავლობაში იკავებდა. რაც შეეხება მეორე ვაკანტურ თანამდებობას, იუსტიციის მინისტრის პოსტი რატი ბრეგაძემ დაიკავა.
საქართველოში ვაქცინის შემოტანის მეორე ეტაპი განხორციელდა, ამჯერად ქვეყანაში ჩინური ვაქცინა "სინოფარმი" შემოვიდა, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან ავტორიზაცია არ აქვს, თავის მხრივ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესს მას შემდეგ დაიწყებენ, როცა „სინოფარმი“ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან ავტორიზაციას მიიღებს. ამ ეტაპზე საქართველომ 100 ათასი დოზა "სინოფარმი" იყიდა, ხოლო 100 ათასი დოზა "სინოვაკი" საჩუქრად მიიღო.
გთავაზობთ გასული კვირის (29 მარტი – 3 აპრილი, 2021) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას
1. 2021 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 5,1%-ით შემცირდა
2. 2021 წლის მარტში ინფლაციის წლიურმა დონემ 7.2% შეადგინა, რაც 2011 წლის მარტის (13.9%) შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
3. სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის ახალი ტალღა
4. მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით 2020 წელს საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა 193 ათასი ადამიანი (5,4%) აღმოჩნდა
5. საქართველოში სალომბარდე სესხი 307 ათას ადამიანს აქვს
6. ეროვნული ბანკის 2021 წლის რიგით მეხუთე სავალუტო ინტერვენცია
7. "ჯორჯიან მანგანეზის" ყოფილი ფინანსური დირექტორი ნამახვანის პროექტის დირექტორი გახდა
8. 2020 წელს საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მშპ-ის 12% შეადგინა
9. 2020 წელში მთავრობის საბიუჯეტო ხარჯვის შეფასება
10. Fitch-მა ,,თიბისი ბანკის და “საქართველოს ბანკის” საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი გააუმჯობესა
1. 2021 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 5,1%-ით შემცირდა
2021 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 5.1% შეადგინა. იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელმა კი (-8.3)% პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის თებერვალი, ბოლო თვე იყო, როცა დადებითი ეკონომიკური ზრდა (2,2%) დაფიქსირდა. არსებული მონაცემებით 2021 წლის პირველ კვარტალს ქვეყანა ეკონომიკური კლებით დაასრულებს. ეკონომიკური ზრდის დადებით მაჩვენებელს, კი მომდევნო პერიოდიდან უნდა ველოდოთ, მით უმეტეს, რომ წინა წლის პერიოდში დარჩენილი თვეები კლების მაჩვენებლებით ხასიათდებოდა.
მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის ბოლომდე ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქვეყანამ 2019 წლის მაჩვენებელს მიაღწიოს. ამასთან, ეკონომიკის აღდგენა მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ვაქცინაციის პროცესის წარმატებით განხორციელებაზე.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3cMg1Gl ; https://bit.ly/2PNL0ZI ;
2. 2021 წლის მარტში ინფლაციის წლიურმა დონემ 7.2% შეადგინა, რაც 2011 წლის მარტის (13.9%) შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
2021 წლის მარტში ინფლაციის წლიურმა დონემ 7.2% შეადგინა, რისი ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი კომუნალური ტარიფების სუბსიდიის დასრულება იყო. შესაბამისად საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში ინფლაციის წლიურმა დონემ 7.6% შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ჯგუფში ფასების 36.1%-იანი მატება დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, მთავრობამ კომუნალური ტარიფების სუბსიდირების პროგრამა 383 მილიონი ლარით დააფინანსა. ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი კვლავაც ფიქსირდება სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, სადაც განსაკუთრებით აღსანიშნავია ზეთი და ცხიმის 35.8%-ით გაძვირება, ხოლო მზესუმზირის ზეთი 62,8%-ითგაძვირდა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3dthS20 ; https://bit.ly/3sR2Zx8 ; https://bit.ly/39EwR8i ; https://bit.ly/39z4W9N
3. სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის ახალი ტალღა
სახელმწიფო კომპანიები დიდ პრობლემას ქმნიან ეკონომიკაში, პირველი, თითქმის ყველა მათგანი ზარალზე მუშაობს, ხოლო მათ ვალს გადასახადის გადამხდელები ვიხდით ბიუჯეტიდან, ამავე დროს რიგი სახელმწიფო კომპანიები, ბიუჯეტის უსაზღვრო დაფინანსებით კერძო ბიზნესთან შედიან არაჯანსაღ კონკურენციაში. ბოლო სტატისტიკით კი სახელმწიფო კომპანიების საგარეო ვალი 1.72 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სამთავრობო პროგრამის - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში 150-ზე მეტი საპრივატიზაციო ობიექტი გამოაქვთ, მათ შორის 10 სახელმწიფო საწარმო. პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა მზად არის დაახლოებით 3 მლრდ ლარის ღირებულების ქონება გამოიტანოს გასაყიდად.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3cMB9fG ; https://bit.ly/2PTl4fp ; https://bit.ly/2PxBHNM ; https://bit.ly/3wsWHGb ; https://bit.ly/3mj1wwR
4. მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით 2020 წელს საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა 193 ათასი ადამიანი (5,4%) აღმოჩნდა
მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შედეგად, საქართველოს მოსახლეობის 5.4% სიღარიბის ზღვარს მიღმა, ხოლო სიღარიბეში მოსახლეობის 20.3% აღმოჩნდა. UNICEF-ი და საქსტატის კვლევის მიხედვით, ,,2020 წლის მარტიდან დეკემბრამდე პერიოდში შინამეურნეობების 53.0%-ს საშუალო თვიური შემოსავალი შეუმცირდა, შემოსავლების შემცირებასთან გამკლავების მიზნით კი შინამეურნეობები ყველაზე ხშირად კვებაზე ხარჯების შემცირებას (67.2%) მიმართავდნენ.’’
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3fDPpJM ; https://bit.ly/3fEOqZM
5. საქართველოში სალომბარდე სესხი 307 ათას ადამიანს აქვს
საქსტატის მიერ ლომბარდების სტატისტიკური გამოკვლევის ძირითადი შედეგების მიხედვით, 2020 წლის განმავლობაში მსესხებელთა (კლიენტთა) რაოდენობამ 307.0 ათასი შეადგინა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა (დაახლოებით 99,9%) ფიზიკური პირია. აღნიშნული მაჩვენებელი თითქმის განახევრებულია 2017 წლის მონაცემებთან შედარებით, როცა სალომბარდე სესხით 607 ათასი ადამიანი სარგებლობდა. 2020 წელს სესხის საშუალოწლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 27.8% შეადგინა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3wn0p3Q ; https://bit.ly/3dymQKK ; https://bit.ly/3fxh1jA
6. ეროვნული ბანკის 2021 წლის რიგით მეხუთე სავალუტო ინტერვენცია
2021 წლის 1 აპრილს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მლნ. აშშ დოლარი გამოიტანა, საიდანაც 27.5 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. 1 აპრილს 1 აშშ დოლარი 3.4464 ლარი ღირდა, ხოლო 3 აპრილის მდგომარეობით 3.4343 ლარამდე გამყარდა. ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წელს, სულ 5 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა, რის შედეგადაც ჯამში 187 500 000 აშშ დოლარი გაყიდა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/31JsfJG
7. "ჯორჯიან მანგანეზის" ყოფილი ფინანსური დირექტორი ნამახვანის პროექტის დირექტორი გახდა
"ჯორჯიან მანგანეზის" ყოფილი ფინანსური დირექტორი მერაბ ლომინაძე ნამახვანის პროექტის დირექტორი გახდა, მისი პირველი განცხადებით კი, კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა იქამდე არ დაიწყება, სანამ კვლევების გადამოწმება არ მოხდება. ამავე პოზიციას იზიარებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, რომელმაც აღნიშნული საკითხის ინვესტორთან შეთანხმება დაადასტურა, ხოლო პროექტის შესახებ კვლევების გაცნობისთვის დაინტერესებულ ექსპერტებს და დარგის სპეციალისტებს 2 თვიანი პერიოდი მისცა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2OiuTCY ; https://bit.ly/3ukQ9Yi ; https://bit.ly/3mhldVQ
8. 2020 წელს საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მშპ-ის 12% შეადგინა
საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი წინა წელთან შედარებით გაორმაგდა, 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ს 12.3%-ს შეადგენს. ცხადია პანდემიის შედეგად დაწესებულმა შეზღუდვებმა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა, შემცირდა შემოსული უცხოური სავალუტო ნაკადები რაც ცხადია ნეგატიურად აისახა საგადასახდელო ბალანსზე.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2R6zwBe
9. 2020 წელში მთავრობის საბიუჯეტო ხარჯვის შეფასება
2020 წლის ბიუჯეტის შესრულების დეტალური ანგარიშიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო აპარატის - შტატიანი და შტატგარეშე მოხლეეების ხელფასების ბიუჯეტიდან 1.85 მილიარდი ლარით დაფინანსდა, რაც 151.6 მილიონით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ამასთან ,,შტატგარეშე" მოხელეებზე რეკორდული 296.3 მილიონი ლარი ხელფასები გაიცა. პანდემიის პირობებში განსაკუთრებით გაზრდილ სახელმწიფო ხარჯებთან ერთად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, ტენდერი გამოცხადებულია 5.7 მილიონ ლარად 60 თეთრი პიკაპის შესყიდყვა.
რაც შეეხება პანდემიის პერიოდში საკარანტინე ხარჯებს, აღსანიშნავია, რომ 2020 წლის განმავლობაში საქართველოში სავალდებულო კარანტინის რეჟიმი სულ 144,028 ადამიანმა გაიარა (მთლიანი მოსახლეობის 3.9%), რისთვისაც სასტუმროებში ნომრების დაქირავებაზე 97.9 მილიონი ლარი დაიხარჯა.
სახელმწიფო ხარჯვის მომდევნო მაგალითია, ის რომ ახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ’’ 2020 წლის აგვისტოში დააფუძნა „დელტა ტექსტილი“, რომელიც 100%-ით სახელმწიფო საკუთრებაშია, ახლა კი ევროპულ ბაზარზე მომუშავე ტექსტილის მწარმოებელი ქართული კომპანია „ჯეო-ემ-ტექსის“ 49%-იანი წილიც შეისყიდა, რომელის ქართული ჯარისთბის სამხედრო ტანსაცმელს შეკერავს. აქ კი კითხვა ჩნდება, მთავრობის მიერ დაანონსებული სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების პარალელურად, რატომ მოხდა სახელმწიფო კომპანიის დაფუძნება და შემდეგ კერძო სუბიექტის წილის შეძენა, რაც თავის მხრივ არაკონკურენტულ გარემოს შექმნის ბაზარზე.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/39FSnti ; https://bit.ly/3wtvh2H ; https://bit.ly/3mpZjjl ; https://bit.ly/2PUWY3I
10. Fitch-მა ,,თიბისი ბანკის და “საქართველოს ბანკის” საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი გააუმჯობესა
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა "თიბისი ბანკის" და "საქართველოს ბანკის საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი "სტაბილური"-ს დონემდე გააუმჯობესა და გრძელვადიანი რეიტინგი კვლავ "BB მინუსის" დონეზე დაადასტურა. ანგარიშში წერია, რომ ორივე ბანკი ეკონომიკურ კრიზისს კარგი ფინანსური პარამეტრებით შეხვდა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3mlHzFY ; https://bit.ly/3fzWtHc