მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის TOP – 10 ეკონომიკური მოვლენა

607c2cd00e0a1
ირაკლი მაკალათია
18.04.21 16:48
1568
გთავაზობთ გასული კვირის ( 12– 17 აპრილი, 2021) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას

1) საქართველომ ახალი $500 მილიონი დოლარის ევრობონდები გამოუშვა
2) მთავრობამ საპრივატიზაციოდ 300 მლნ ლარის ქონება გამოიტანა და 60 მილიონის გაყიდა
3) საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გამოტანილი 40 მლნ აშშ დოლარიდან 25,4 მლნ აშშ დოლარი გაყიდა
4) მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილები 49%-ით გაიზარდა
5) „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და მთავრობას შორის დაპირისპირება გრძელდება
6) IMF-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და რეკომენდაცია საქართველოს მთავრობას
7) საქართველოს რკინიგზა წინა ვალის დასაფარად $500 მილიონის ვალს აიღებს
8) 2021 წლის 12 აპრილის მდგომარეობით, საპენსიო ფონდში უკვე 1.37 მილიარდი ლარი არის აკუმულირებული
9) საქართველოს სოფლის მეურნეობის ძირითადი სტატისტიკა, 2020 წელი
10) კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ ახალი სპეცმმართველი დაუნიშნა

1. საქართველომ ახალი $500 მილიონი დოლარის ევრობონდები გამოუშვა

მთავრობამ 2011 წელს გამოშვებული 10-წლიანი ობლიგაციების რეფინანსირება ახალი საგარეო ვალის მოზიდვით შეძლო, კერძოდ ახალი $500 მილიონი დოლარის ევრობონდები გამოუშვა. თუ წინა შემთხვევაში ობლიგაციების განაკვეთი 6.875% იყო, ახალი ობლიგაციების განაკვეთი 2.75%-ია და მისი ვადიანობა 5 წელს შეადგენს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3ebeTf9; https://bit.ly/2QcMP2T; https://bit.ly/3svt4AJ; https://bit.ly/3x34j2n

2. მთავრობამ საპრივატიზაციოდ 300 მლნ ლარის ქონება გამოიტანა და 60 მილიონის გაყიდა

პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში მთავრობამ მხოლოდ 60 მილიონის სახელმწიფო ქონება გაყიდა. რაც შეეხება სახელმწიფო კომპანიებს, საპრივატიზაციოდ გამოტანილი 9 სახელმწიფო კომპანიიდან მხოლოდ 1 გაიყიდა. მრავალი ცდის შემდეგ "რიყის დოქები" კვლავაც სახელმწიფო ბალანსზეა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3uZpTD8; https://bit.ly/3aknHxT; https://bit.ly/3v5XF9T

3. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გამოტანილი 40 მლნ აშშ დოლარიდან 25,4 მლნ აშშ დოლარი გაყიდა

2021 წლის 15 აპრილში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 25,4 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, რაც მიმდინარე წელს რიგით მე-6 იყო, ხოლო ჯამში უკვე 212,9 მლნ აშშ დოლარი აქვს გაყიდული. ინტერვენციის შედეგად ლარი მხოლოდ 0.69 თეთრით გამყარდა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3gjmXNm; https://bit.ly/32BjIsR

4. მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილები 49%-ით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის მარტში წინა წელთან შედარებით ფულადი გზავნილები 49.5%-ით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 627.7 მლნ ლარი შეადგინა. საქართველოში ყვლაზე მეტი თანხა რუსეთიდან (32.19 მლნ აშშ დოლარი); იტალიიდან (30.51 მლნ აშშ დოლარი); აშშ-დან (24.12 მლნ აშშ დოლარი); საბერძნეთიდან (20.67 მლნ აშშ დოლარი) და ისრაელიდან (15.62 მლნ აშშ დოლარი) გადმოირიცხა

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3ss4zV8

5. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და მთავრობას შორის დაპირისპირება გრძელდება

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და მთავრობას შორის დაპირისპირება კვლავ გრძელდება და მწვავე ფორმებს იღებს. რიონის ხეობის მცველებთან შესახვედრად ქუთაისში მთავრობის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩასულები, აქტივისტების მთავარ მოთხოვნად კვლავ რჩება სამუშაო პროცესების შეწყვეტა ხეობაში, ასევე პროტესტს გამოთქვამენ ინვესტორისთვის მიწის გადაცემას. ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, პროექტთან დაკავშირებული კვლევების შესწავლა და განხილვა 1 ივნისისთვის უნდა დასრულდეს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3dqQlzm; https://bit.ly/3x7DLwG; https://bit.ly/2QxYd9x

6. IMF-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და რეკომენდაცია საქართველოს მთავრობას

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.3%-დან 3.5%-მდე შეამცირა. მთავრობა საქართველოს ბიუჯეტს არ გადახედავს და ეკონომიკურ ზრდას კვლავ 4.3%-ზე ტოვებს, რაც ამ მოცემულობაში ზედმეტად ოპტიმისტური მაჩვენებელია. რაც შეეხება ფონდის რეკომენდაციებს, მორიგი ლოკდაუნის შემთხვევაში მთავრობას კაპიტალური ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდებს, ვინაიდან ახალი ვალის აღება განსაკუთრებულად პრობლემური იქნება. ასევე ირკვევა, რომ IMF-ის 4-წლიანი პროგრამის ფარგლებშიც საქართველომ ჯამში, დაახლოებით 687 მილიონი დოლარის ფინანსური მხარდაჭერა მიიღო და ასევე ახალი 111 მილიონი აშშ დოლარის ფინანსურ მხარდაჭერასაც მიიღებს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3uT2MKe; https://bit.ly/3sw2MhE; https://bit.ly/3akVsza

7. საქართველოს რკინიგზა ევრობონდების დასაფარად $500 მილიონის ვალს აიღებს

"საპარტნიორო ფონდის" 100%-ით საკუთრებაში მყოფი საქართველოს რკინიგზა რომ წლებია ზარალზე კომპანიაა, ეს ახალი თემა არ არის. 2020 წელი კომპანიამ 164.6 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. მიმდინარე წლის ივნისში კი 500 მილიონი აშშ დოლარის ვალის დაფარვას ახალი ვალის აღებით კონკრეტულად კი, 500 მილიონი აშშ დოლარის ევროობლიგაციების გამოშვებით გეგმავს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3gegxPI; https://bit.ly/3aglHa0

8. 2021 წლის 12 აპრილის მდგომარეობით, საპენსიო ფონდში უკვე 1.37 მილიარდი ლარი არის აკუმულირებული

12 აპრილის მდგომარეობით დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 765-მა ადამიანმა, სულ კი სისტემაში ჩართულია 1 137 380 მოქალაქე. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა კი თვეში საშუალოდ 11 000-ზე მეტი ადამიანია. რაც შეეხება საპენსიო აქტივების მოცულობას, ის 1.37 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც სარგებლის სახით 140 მილიონი ლარია დარიცხული. მიუხედავად პანდემიის შედეგად ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისისა, როცა მკვეთრად გაიზარდა უმუშევრობის დონე და მოსახლეობას შემოსავლები შეუმცირდა, მთავრობა კვლავ განაგრძობს საპენსიო სისტემის მოქმედებას, რაც დამატებითი ფინანსური ტვირთია დამსაქმებლისა და დასაქმებულისათვის.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3dpEJgc

9. საქართველოს სოფლის მეურნეობის ძირითადი სტატისტიკა, 2020 წელი

საქსტატის ანგარიშის მიხედვით ერთწლიანი კულტურების წარმოება 2020 წელს წინა წელთან შედარებით გაზრდილია. ხორბლის წარმოება 0.6%-ით გაიზარდა და 101.2 ათასი ტონა შეადგინა, სიმინდის წარმოება 27.0%-ით გაიზარდა (263.0 ათასი ტონა), კარტოფილის წარმოება გაიზარდა 10.8%-ით (215.7 ათასი ტონა), ბოსტნეულის წარმოება კი 11.8%-ით გაიზარდა (180.1 ათასი ტონა). მიუხედავად აღნიშნული მაჩვენებლებისა, სოფლის მეურნეობის აქტივების მხოლოდ მცირე ნაწილია დღეს ათვისებული. ბოლო ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 2004 წლის დონით, კერძო საკუთრებაში რეგისტრირებულია სასოფლო მიწების 26,7%-ია. რაც შეეხება უახლეს მონაცემებს, მისი სტატისტიკის გამოქვეყნება 2024 წლამდე არ იგეგმება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3stMSnW

10. კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ ახალი სპეცმმართველი დაუნიშნა.

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, „კავკასუს ონლაინის“ სპეციალურ მმართველად თამარ ბოკუჩავა დაინიშნა, რომელმაც მარიამ სულაბერიძე შეცვალა. მიზეზად თავად მარიამ სულაბერიძის თხოვნა იყო, 6 თვიანი მუშაობის შემდეგ გაენთავისუფლებინათ დაკავებული თანამდებობიდან, ვინაიდან ის ამავდროულად კომპანია „ოუფენ ნეტის“ დირექტორი იყო, არ ჰქონდა უფლება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი სხვა კომპანიის დირექტორი ყოფილიყო.

კომუნიკაციების კომისიის მიერ კავკასუს ონლაინში დაჩქარებული წესით სპეციალური მმართველი დანიშვნა უკავშირდება NEQSOL Holding-ის მიერ კავკასუსის წილის შეძენის გადაწყვეტილებას, რომელმაც ჯერ 49%, ხოლო შემდეგ დარჩენილი 51% შეიძინა. აღნიშნულ გარიგებას არაკანონიერად სცნობს კომუნიკაციების კომისია, მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნით კომინუკაციის კომისიის ამ დონით ჩარევა მიუღებლად შეფასდა და თან მსგავსი პრეცედენტი პრაქტიკაში არცერთ ევროპულ ქვეყანაში არ დაფიქსირებულა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/32pm6Tb

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები