მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი და კომპანია „ჰელიოს ენერჯის“ დამფუძნებელი თორნიკე დარჯანია მიიჩნევს, რომ მზის ელექტროსადგურების პროექტის დაკრედიტებისას კომპანიების მიმართ დამატებითი უზრუნველყოფის მოთხოვნა არ უნდა მოხდეს, ვინაიდან ეს პროცესს ართულებს. მისივე თქმით, გამოწვევაა ისიც, რომ ბიუროკრატიული მექანიზმები გასამარტივებელია.
ამასთან, დარჯანია ფიქრობს, რომ მზის ელექტროსადგურის პროექტს არ სჭირდება გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ვინაიდან ასეთი ტიპის ენერგოპროექტი ნაკლებ გავლენას ახდენს გარემოზე.
„კვლავ ვითხოვთ პროცედურების გამარტივებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ორ მეგავატ სიმძლავრეზე მზის ელექტროსადგურებს, რომელთაც არ სჭირდება გარემოზე ზემოქმედების შეფასება და სირთულე განხორციელებისთვის. ჩვენ გვსურს, რომ პროექტი დამტკიცებიდან მშენებლობის ეტაპზე სწრაფად გადადიოდეს და მისი განხორციელება არ იწელებოდეს", - აღნიშნა მან და დასძინა, რომ დღეს, მზის ელექტროსადგურის პროექტს გამარჯვებიდან განხორციელებისთვის მინიმუმ წელიწადნახევარი სჭირდება. ეს საუკეთესო შემთხვევაში. გასავლელია მთელი რიგი პროცედურები. ჩვენ ვიცით, რომ მზის ელექტროსადგური არ ახდენს გარემოზე იმხელა ზემოქმედებას, აქაც შესაძლებელია, რომ გვქონდეს შედარებით გამარტივებული პროცედურები, ვიდრე ეს არის ჰიდროელექტროსადგურის შემთხვევაში, როცა გარემოზე უფრო მეტი ზეგავლენაა“, - განმარტა თორნიკე დარჯანიამ.
მისივე თქმით, ამბიციურია გეგმა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 2030 წლისთვის განახლებადი ენერგიების წილი 24.4% უნდა იყოს, მის მისაღწევად კი, დარჯანია აღნიშნავს, რომ პროცედურებია გასამარტივებელი.
„ეს გეგმა ამბიციურია. მზის ელექტროსადგურების შემთხვევაში, თუ პროცედურები არ გამარტივდა და არ გადავედით სწრაფად მშენებლობის ეტაპზე, შეუძლებელი იქნება ამის მიღწევა. ჩვენ გვჭირდება მობილიზება საჯარო სტრუქტურაშიც. უნდა ითქვას, რომ საჯარო სტრუქტურაში არის კადრების სიმცირე, ფანტასტიკური ადამიანები მუშაობენ სამინისტროში, სემეკში. თუმცა, ამ ამბიციური გეგმისთვის გვჭირდება მეტი კადრი სამინისტროში, სხვადასხვა სტრუქტურაში, რათა პროცესი დაჩქარდეს. ბოლო პერიოდში CFD აუქციონზე ასობით პროექტია გამარჯვებული, რომლებიც განხორციელებას საჭიროებას. ამ პროექტებს სჭირდება ადამიანები როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში, რათა ეს პროექტები დაიძრას და გადავიდეს მშენებლობის ეტაპზე.
ასევე, თანამონაწილეობა ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ქსელის ოპერატორების და ზოგადად სახელმწიფო ელექტროსისტემის მხრიდან. თუ არ იქნება გამართული ინფრასტრუქტურა და ქსელი, ვერაფერი აშენდება. და ვერ იქნება ამ სადგურების ინტეგრაცია ქსელში. ესეც რჩება გამოწვევად და ვიმედოვნებთ, რომ ასეთი შეწყობილი მუშაობით, სამიზნე მაჩვენებელზე გავალთ 2030 წლისთვის“, - განაცხადა მან.