განათლების მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, 2027-2028 სასწავლო წლებში 12-წლიანი სასწავლო პროცესიდან 11-წლიანზე გადასვლის პერიოდში, აბიტურიენტების გაზრდილი რაოდენობის გამო უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები კვოტები არ გაიზრდება. "ოცნების" განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო კონკრეტული მიმართულებებით ადგილების რაოდენობას განსაზღვრავს, 2027-2028 წლებში კი აბიტურიენტებს შორის კონკურენცია გაიზრდება და ვინც უნივერსიტეტებში სასურველ ფაკულტეტებზე ვერ ჩააბარებს, მათ შესაძლებლობა ექნებათ სწავლა პროფსასწავლებლებში გააგრძელონ.
გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ ამგვარად სახელმწიფო განათლების რეფორმის ფარგლებში პროფსასწავლებლების კომპონენტს გააძლიერებს და ამასთან, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებს შორის ბმასაც შეუწყობს ხელს.
"ჩვენი მთავარი მიზანია, ხარისხობრივი კომპონენტი სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში გაიზარდოს, ამასთან ერთად, გაიზარდოს კონკურენცია. ამ რეფორმის განხორციელება ვერ იქნება განყენებული თუ ჩვენ არ გვექნა სწორი ბმა სასკოლო პერიოდსა და უმაღლეს სასწავლებელს, სასკოლო პერიოდსა და პროფესიულ სასწავლებელს შორის და პროფესიულის სასწავლებლის კომპონენტის გაძლიერება თუ არ გვექნა იმისთვის, რომ უმაღლეს განათლებას შეეხიდოს. კონკურენცია ამ ერთ წელიწადში უფრო მაღალი იქნება, ეს ცალსახაა, თუმცა კონკურენციის კომპონენტი არსებითად გამაჯანსაღებელია იმ პროცესის, რასაც ხარისხიანი სწავლება წარმოადგენს.
ჩვენი მთავარი მიზანია ამ კონკურენციის გათვალისწინებით, სრული სამართლიანობის დაცვით, უმაღლეს სასწავლებლებში კონკრეტულ ფაკულტეტებზე ის ახალგაზრდები მოხვდნენ, რომლებიც დაამტკიცებენ, რომ ისინი მოიპოვებენ ამ ადგილს. რაიმე კვოტის გაზრდაზე ამ ეტაპზე საუბარი არ არის. თუმცა ამავდროულად ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ხედვა, მიზანი და კონკრეტული ნაბიჯები მიმართულია პროფესიული სასწავლებლების გაძლიერებისკენ და ისინი არ უნდა იყვნენ აღქმული, როგორც მეორე, მესამე ხარისხოვანი დაწესებულებები. მზარდია პროფესიული სასწავლებლების სანდოობის კომპონენტი და ხარისხი, განსაკუთრებით აღვნიშნავდი სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებს, ამის გამოხატულებაა მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ მიმდინარე წლის სექტემბერში მივიღეთ, როდესაც 17 000 გამოცხადებულ პოზიციაზე, 23 000-მა ადამიანმა მოგვმართა. პირველად ჩატარდა ასეთი მაღალი კონკურსი.
ჩვენი შემდგომი ნაბიჯები დაკავშირებული იქნება იმასთან, რომ პროფესიული სასწავლებლების შესაძლებლობები გავზარდოთ, მიმართულებების დივერსიფიცირება მოვახდინოთ და გეოგრაფიული არეალი დავფაროთ, რომ უფრო მეტი ადამიანი დაეუფლოს პროფესიულ უნარებს და დასაქმდნენ კონკრეტულ მიმართულებაზე.
პროფესიული სასწავლებლების მიმართულებით იმ ევროპული სტანდარტის შემოღებაზე ვფიქრობთ, როდესაც ხანგრძლივი სწავლის პერიოდის დასრულების შემდეგ მათ გარკვეული კრედიტები ჩაეთვალოთ უმაღლეს სასწავლებელში. ანუ აქაც გვსურს გავაკეთოთ ბმა პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის.
ამიტომ, როდესაც ის ერთი წელი გვექნება, როდესაც 11-ე და 12-ე კლასი გაზრდილი კონტინგენტით დაასრულებს, ჩვენ ბაზრის კვლევებიდან განვსაზღვრავთ კონკრეტული პროფესიების მიმართულებით რა საჭიროებები გვექნება. ამის მიხედვით სამინისტრო წარადგენს ხედვას, რომელსაც მთავრობა დაამტკიცებს და განსაზღვრავს 19 სახელმწიფო უნივერსიტეტში რომელ ფაკულტეტზე რამდენი ადგილი იქნება და ვინც ვერ მოახერხებს ჩარიცხვას, ამ პერიოდისთვის მზად ვიქნებით, შევთავაზოთ სხვადასხვა პროფესიულ სასწავლებელში სწავლის გაგრძელების კონკრეტული პროფესიის დაუფლების შესაძლებლობა. ეს არის პრაქტიკა, რომელიც ნებისმიერ წამყვან, განვითარებულ თუ ევროპულ ქვეყანაში არსებობს", - განმარტა გივი მიქანაძემ.




























