მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლადო კახაძე: პარლამენტი არის ტვინი, აღმასრულებელი ხელისუფლება - გული

61c1d583d1fc1
ინგა მურუსიძე
21.12.21 17:21
858
"პარლამენტი არის ტვინი, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლება - გული, რომელიც მუდმივ მზაობაშია ეს ტვინი კვებოს", - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატი ამ განცხადების გაკეთებისას წარადგენდა ცვლილებებს „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში, რომლითაც მთავრობას covid-შეზღუდვების შემოღების უფლების 2023 წლამდე გაგრძელება სურს.

ასევე, ლადო კახაძე ირწმუნება, რომ ახალი რეგულაციების დაწესება არ ხდება. უბრალოდ პარლამენტი უფლებას აძლევს ხელისუფლებას, მართოს სიტუაცია მოსახლეობის საკეთილდღეოდ.

„მე მახსოვს და ალბათ ახალგაზრდებს ყველას გახსოვთ, 2019 წელი - აღმასვლა, დიდი იმედები ჩვენს ქვეყანაში; დღესაც საზომად რჩება 2019 წლის წარმატებები, წარმატებულად ჩატარებული ტურისტული სეზონი, დაძრული და ხელ-ფეხ-გახსნილი ბიზნესი, იმედიანი ხვალინდელი დღე. ზუსტად მაშინ, 2019 წელს უჰანში დაფიქსირდა ახალი ვირუსი და ჯერ არაფერი ვიცოდით რა უნდა გაეკეთებინა მაშინ. გავიდა ხანი და 3 კვირის შემდეგ თქვეს, რომ ეს ვირუსი საფრთხეს უქმნიდა დედამიწას.

2020 წლის 26 თებერვალს უკვე პირველი შემთხვევა ჩვენთანაც დაფიქსირდა - იმ დღეს გავიკეთე ნიღაბი და მას შემდეგ არ მომიხსნია. გავიარეთ ვირუსის გავრცელების 5 ტალღა. პარლამენტი არის ტვინი, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლება გული, რომელიც მუდმივ მზაობაშია ეს ტვინი კვებოს და მზადაა მუდმივად იმუშაოს ჟანგბადის (იდეების) დროულად მისაწოდებლად. მაშინ ადამიანის უფლებები წამოვიდა წინა პლანზე, იყო მკაცრი "ლოქდაუნები", თუმცა მაშინ არ ვიყავით მზად, არ ვიცოდით რა იქნებოდა, საქმეში ჩაერთო სამედიცინო ინტელექტუალური სექტორი, გავიარეთ გადამზადება, ჰოსპიტალური სექტორის გადამზადება და ა.შ.“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

საქმე ის არის, რომ თავდაპირველად ზემოხსენებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 15 ივლისი, რომელიც 2021 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდა, შემდგომ - 2021 წლის 1 ივლისამდე, ხოლო შემდეგ კი 2022 წლის 1 იანვრამდე. შედეგად, 1 იანვრიდან აღარ იმოქმედებს კანონის აღნიშნული დროებითი ნორმები. ავტორებს მიაჩნიათ, რომ არსებული რეალობიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ პანდემიასთან და მისით გამოწვეულ შედეგებთან მყისიერად და ეფექტიანად გასამკლავებლად აუცილებელია გაგრძელდეს 2020 წლის 22 მაისის ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების მოქმედება.

“კანონპროექტის მიზანია, რომ 2022 წლის 1 იანვრის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის გავრცელების შეფერხებასა და პროცესების სწორად წარმართვას ემსახურება.

კანონპროექტით ცვლილება შედის „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453-ე და 454-ე მუხლებში და აღნიშნული კანონის 453 მუხლის („2022 წლის 1 იანვრამდე გასატარებელი დროებითი ღონისძიებები“) მოქმედების ვადა - 2022 წლის 1 იანვარი - გრძელდება 2023 წლის 1 იანვრამდე”, - წერია განმარტებით ბარათში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები