მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lala – 500 Georgia-ს პროგრამაში მონაწილე სტარტაპი, რომელიც მომხმარებელს მუსიკის ონლაინ გაკვეთილებს სთავაზობს

6474901d1ecf2
BM.GE
29.05.23 15:52
598
სტატიაში საუბარია:
500 Georgia საქართველოს ბანკის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და 500 Global-ის თანამშრომლობით, საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება. 12 კვირის განმავლობაში, პროექტში მონაწილეობისთვის შერჩეული 12 სტარტაპი აქსელერაციის ინტენსიურ კურსს გადის და საერთაშორისო დონის მენტორებთან ერთად აქტიურ რეჟიმში მუშაობს საკუთარი სტარტაპის განვითარების, ფონდების მოზიდვისა და ზრდის სტრატეგიის შემუშავებაზე.

სულ მალე კი მომზადების პროცესი Damo Day-ის მიუახლოვდება, სადაც ისინი პოტენციური ინვესტორების წინაშე საკუთარ ბიზნესზე ისაუბრებენ. თუმცა, მანამდე 500 Georgia-ს მონაწილე ერთ-ერთ სტარტაპს - Lala-ს გაგაცნობთ.

„სტარტაპი Lala მიზნად ისახავს, ბაზარზე დანერგოს საუკეთესო ხარისხის მქონე ონლაინ გაკვეთილები და შექმნას სივრცე, რომელიც თავს მოუყრის პროფესიონალ მუსიკოსებსა და სპეციალისტებს“, - აღნიშნავს დიმა ფუხოვი, Lala-ს აღმასრულებელი დირექტორი.

Lala სამი მეგობრის - დიმა ფუხოვის (აღმასრულებელი დირექტორი), ნიკა ვოლუნეცისა (CPO - პროდუქტის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი) და ვსევლოდ კანტორის (COO - ოპერაციული ხელმძღვანელ) მიერ დაფუძნებული სტარტაპია, რომელიც ამჟამად განვითარების ეტაპზეა, თუმცა, მას ადამიანები უკვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის უკრაინიდან, აქტიურად იყენებენ.

სტარტაპის მიზანია, მომხმარებლები ონლაინ გაკვეთილებისთვის საჭირო მასალებითა და ხარისხიანი ონლაინ ინსტრუმენტებით (პლეერებით) უზრუნველყოს, „რაც შესაძლებლობას მისცემს მასწავლებლებს, მეტი დრო დაუთმონ სწავლებას და ნაკლები გაკვეთილისთვის ინვენტარის მომზადებას,“ - გვიყვება დიმა.

როგორც ამბობს, ის პროფესიით ინჟინერია, 8 წელი მუშაობდა MLOps-ში და 2022 წლიდან ვოკალის გაკვეთილების ჩატარებაც დაიწყო. ნიკა ვოლუნეცი პროფესიონალი მომღერალია და ამასთანავე, სტუდენტებს სიმღერას ასწავლის. რაც შეეხება ვსევლოდ კანტორს, ის ბავშვობიდან უკრავს ფორტეპიანოზე და აქვს $15 მილიონიანი ბრუნვის მქონე ბიზნესში მუშაობის გამოცდილება.

„ჩვენი სამუშაო გამოცდილება სტარტაპის შექმნის პროცესში ძალიან დაგვეხმარა. რადგან პროდუქტის განვითარების ეტაპზე მუდმივად იმაზე ვფიქრობდით, რა სირთულეებს ვაწყდებოდით ჩვენ, როგორც მასწავლებლები და რა იქნებოდა ამ პრობლემების გადაჭრის ყველაზე ეფექტური გზა. შედეგად, შევქმენით ისეთი პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც სწავლის პროცესი არასდროს არის მოსაწყენი და რუტინული - ის არის ბევრად განსხვავებული, საინტერესო და ინფორმაციული“, - ამბობს დიმა.

მართალია, პლატფორმა უკვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დიდი ინტერესით სარგებლობს, თუმცა, Lala-ს დამფუძნებლების მიზანი და სურვილი კიდევ უფრო მეტი ზრდა და განვითარებაა.

„ჩვენი სურვილია, სწრაფად მივაღწიოთ დიდ წარმატებას, ჩვენი გუნდი ამისათვის შედარებით პატარა და ამიტომ ვცდილობთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი რესურსები და თავდაუზოგავად ვიშრომოთ“, - ამბობს ის.

სწორედ სწრაფი ზრდისა და განვითარების სურვილი ის მთავარი მამოტივირებელი ფაქტორი აღმოჩნდა, რომლის გამოც გადაწყვიტეს, მონაწილეობა მიეღოთ 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაში.

„500 Georgia-ში მონაწილეობა ამ პროგრამის ყოფილმა კონკურსანტებმა გვირჩიეს, გვითხრეს, რომ ამ პროგრამის დახმარებით, საუკეთესო გამოცდილებას მივიღებდით. ჩვენი მოლოდინები გამართლდა. პროგრამის ფარგლებში, ჩვენ ვმუშაობდით საერთაშორისო დონის მენტორებთან ერთად, ვიღებდით ბიზნესის განვითარებასა და დაფინანსების მოპოვების გზებზე რჩევებს და ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ, რაც აუცილებლად დაგვეხმარება ჩვენი მიზნების მიღწევის პროცესში“, - განმარტავს დიმა.

ამბობს, რომ პროგრამის ფარგლებში 12 კვირიანი გადამზადების კურსის დასრულების და საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, კვლავ მჭიდრო კავშირს ინარჩუნებენ როგორც მენტორებთან, ასევე მონაწილეებთან. ამჟამად კი აქტიურად ემზადებიან Demo Day-სთვის, თუმცა, კვლავ აგრძელებენ საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე მუშაობას.

„ჩვენი სტარტაპის მთავარი მიზანი ისეთი პროდუქტისა და მასთან დაკავშირებული სერვისების შექმნაა, რომელიც მუსიკალურ ინდუსტრიას შეცვლის. ჩვენი მიზნების მიღწევისთვის კი 500 Georgia არის საუკეთესო ადგილი, რომელიც გვეხმარება, წინ წავიდეთ და განვვითარდეთ როგორც კომპანია. Lala-ს მოლოდინი ამ პროგრამისგან მაქსიმალური გამოცდილების მიღებაა და გვინდა ზრდა პროგრამის დასრულების შემდეგაც განვაგრძოთ“, - ამბობს დიმა.

ეს Lala-ს ზრდისა და განვითარებისკენ გადადგმული პირველი, თუმცა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა, მათი მოგზაურობა ახლა იწყება. მომავალში სტარტაპი მომხმარებელს ბევრ საინტერესო სიახლეს ჰპირდება.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები