მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლამიანი“ - 2022 წლიდან ქართულ ბაზარზე ღვინის ახალი ბრენდი გამოჩნდება

6177fdf64cb5c
ინგა მურუსიძე
26.10.21 17:40
965
სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ყვარლის მუნიციპალიტეტში ყურძნის გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმო ამოქმედდა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „ლამიანი“ საწარმოს შესაქმნელად, ჯამში, 900,000 ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 500,000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია.

„ლამიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ბესიკ ბეროშვილი bm.ge-ს უყვება, რომ პირველი ეტაპის ამოცანა ღვინის ჩამოსასხმელი დანადგარის შეძენაა, რისთვისაც, დაახლოებით, მილიონი ლარის ინვესტიციაა საჭირო. ფინანსური რესურსის მოძიებას კოოპერატივი სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით აპირებს ან შესაძლოა, საბანკო კრედიტით შეიძინონ, ან კიდევ დანადგარი დროებით რომელიმე კომპანიისგან იქირაონ.

"ამ ეტაპზე მაქვს წარმოება და წელსვე უნდა შევიძინო ჩამოსასხმელი ხაზი. ვგეგმავთ, სამი სახის ღვინო ჩამოვასხათ - “ქინძმარაული“ - ნახევრად მშრალი/ ტკბილი, „საფერავი“ - ჩვეულებრივი მშრალი და „რქაწითელი“ - მშრალი“, - აღნიშნა ბეროშვილმა.

2022 წლისთვის კოოპერატივი ღვინის რეალიზაციას შვედეთში გეგმავს. ასევე, აპირებს გერმანიის ბაზრის ათვისებაც სცადოს, იქამდე კი ძალებს საქართველოს ბაზარზე მოსინჯავს.

„წელს პირველად 400 ტონა ყურძენი ჩავიბარეთ და ვგეგმავთ, რომ ჩვენ მიერ წარმოებული კახური ღვინო არა მხოლოდ ქართულ, არამედ ევროპულ და რუსულ ბაზრებზეც გავიტანოთ. მე პირადად ვიყავი ჩასული შვედეთში, შევისწავლე იქაური ბაზარი და მოლაპარაკებებიც მაქვს; ვფიქრობ, 2022 წლიდან იქ ქართულ ღვინოს გავიტანთ. გარდა ამისა, ვგეგმავ წასვლას გერმანიაში და არ გამოვრიცხავ, იქაც ვცადოთ ბედი. ამ ეტაპისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ წელს პირველი წელია, ახალი წლიდან „ლამიანის“ ბრენდით ქართული ღვინო ალბათ ქვეყნის მასშტაბით გამოჩნდება“, - ამბობს ბეროშვილი.

აღსანიშნია, რომ რუსეთის ბაზრის ათვისება კოოპერატივის მოკლევადიან გეგმებში არ შედის. მიაჩნიათ, რომ დიდ კომპანიებს ჯერ კონკურენციას ვერ გაუწევენ.

„ქართულ ბაზარზე "ლამიანის" ბრენდით გამოჩნდება ღვინო და 2022 წლიდან უკვე დავიწყებთ ჩამოსხმას. ახლა ვგეგმავთ მოლაპარაკებებს ქსელებთან, რომ მცირე რაოდენობით შევიდეთ და შევხედოთ, როგორი იქნება გაყიდვები, ამის მიხედვით გავაგრძელებთ საქმიანობას. რუსეთი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ბაზარია, თუმცა იქ ღვინო დაბალ ფასად გადის, თან იმ ზომის კომპანიებს გააქვთ ღვინო, რომ ჩვენთვის, როგორც დამწყებისთვის, იქ შესვლა ძალიან რთული იქნება. სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ შევიდეთ, თუმცა ამ ეტაპზე ჭურჭელიც არ მაქვს შესაბამისი რაოდენობით, რომ რუსულ ბაზარს გავწვდე“, - ამბობს ბესიკ ბეროშვილი.

ცნობისთვის: „ლამიანი“ ამ ეტაპითვის 8 ადამიანს ასაქმებს, თუმცა 21 მეპაიე მუდმივად, აქტიურად მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები