ლარი 30 წლის გახდა. საქართველოში გადახდის ოფიციალურ სახედ ლარი 1995 წლის 2 ოქტომბერს გამოცხადდა. მან დროებითი ვალუტა კუპონი ჩაანაცვლა, რომელიც დამოუკიდებლობის შემოღების შემდეგ რამდენიმე წელი არსებობდა, თუმცა აღნიშნულ პერიოდში არსებული უმწვავესი ეკონომიკური კრიზისის, კორუფციის, ინსტიტუტების ჩამოშლის, არასწორი მონეტარული პოლიტიკისა და მიმდინარე საომარი ვითარების ფონზე ჰიპერინფლაცია განიცადა. ამას კი არსებულ პერიოდში სიღარიბის ფართომასშტაბიანი ზრდა და ქვეყნიდან ემიგრაციის ტალღაც სდევდა.
1995 წლიდან საქართველომ საერთაშორისო დონორების, კერძოდ კი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსური დახმარებით მონეტარული პოლიტიკის დასტაბილურება შეძლო, ორნიშნა და სამნიშნა ინფლაცია და გაცვლითი კურსის მერყეობა შემცირდა. შედეგად, ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოში ინფლაცია საშუალოდ 5.7%-ს შეადგენდა.
რაც შეეხება გაცვლით კურსს, აშშ დოლართან ლარის შემოღების დროს საწყისი კურსი 1.30-ს შეადგენდა და ის 1.3-1.4-ის ნიშნულებში 1998 წლამდე ნარჩუნდებოდა, თუმცა უკვე 1998 წლიდან აზიის ფინანსური კრიზისის ფონზე საქართველოსა და რეგიონის ქვეყნების საგადასახდელო ბალანსის გაუარესებამ ლარის გაუფასურება განაპირობა. ამ დროს კურსი ჯერ 1.8-მდე შემდეგ კი 2-მდე გაიზარდა. 2001-2003 წლებში ერთი დოლარი საშუალოდ 2.1-2.2 ლარი ღირდა, 2004 წლიდან კი ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდის, გაზრდილი ექსპორტისა და ქვეყანაში FDI-ის მაღალი ნაკადების კვალდაკვალ ლარის გაცვლითი კურსი გამყარდა. 2005 წელს ჯერ 1.8-მდე, 2006-2007 წლებში კი საშუალოდ 1.7-მდე.
2008 წელს კი ლარი კიდევ უფრო მეტად გამყარდა და აგვისტოს ომამდე ერთი დოლარი 1.4 ლარი ღირდა. კურსი გაუფასურდა 2008 წლის ნოემბერში და ის 1.66 გახდა. მას შემდეგ 2009-2010 კურსი ძირითადად 1.66-დან 1.80-ის ნიშნულებში მონაცვლეობდა. 2013 წელს კურსი ჯერ 1.75-მდე გაიზარდა, ხოლო 2014 წლის ოქტომბრიდან ის 1.8-მდე, შემდეგ კი 2015 წლის დასაწყისში 2.3-მდეც გაუფასურდა. აღნიშნულ პერიოდში ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურება ადგილობრივი საგადასახდელო ბალანსის გაუარესებით და რეგიონული სავალუტო კრიზისით იყო განპირობებული.
2016 წელს ქვეყანა დოლარის კურსს 2.5-ზე შეხვდა, წლის ბოლოს კი კურსი 2.7-მდეც გაუფასურდა. კურსი 2.5-2.7-ის ფარგლებში მერყეობდა 2017-2018 წლებში, 2019 წელს კი ის ჯერ 2.9-მდე შემდეგ კი 3-მდეც გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში ლარის გაუფასურება ინფლაციის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი იყო.
2020 წლის გაზაფხულზე, კოვიდის კრიზისის გამო ერთი დოლარის ღირებულება 3.3 ლარამდე გაიზარდა, 2021 წლის გაზაფხულზე კი ₾3.45-საც მიაღწია. კურსის დასტაბილურება ქვეყნის ეკონომიკის თანდათანობით გახსნას და ვაქცინაციის გაფართოებას დაემთხვა.
2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების დროს არსებობდა მოლოდინი, რომ ლარი მკვეთრად გაუფასურდებოდა, ეკონომიკას კი რეცესია ექნებოდა, რაც სრულიად საპირისპირო ვითარებით შეიცვალა, რადგანაც ათიათასობით რუსმა, უკრაინელმა და ბელარუსმა, რუსეთ-უკრაინის ომის გამო საქართველოში მიგრაცია გადაწყვიტა, რასაც რამდენიმე მილიარდი დოლარის ფულადი გზავნილების ნაკადების გადმონაცვლება მოჰყვა. ამასთან, რუსეთის ბაზრის გლობალური იზოლაციის ფონზე, მკვეთრად გაიზარდა საქართველოს როგორც სატრანზიტო ჰაბის ფუნქცია, რასაც ქვეყნის სავაჭრო დერეფანში ტვირთბრუნვის ზრდაც მოჰყვა.
2023 წლის ზაფხულში დოლარის კურსმა 2.5 ლარი შეადგინა, 2024 წლის განმავლობაში კი ის 2.7-ის ნიშნულთან ახლოს მერყეობდა, თუმცა წლის ბოლოს ხელისუფლებისგან გაკეთებულ განცხადებას რომ მთავრობა არ დააყენებდა EU-სთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, რასაც ფართომასშტაბიანი პროტესტი და ეკონომიკური მოლოდინების გაუარესება მოჰყვა. დოლართან კურსი 2.87-მდეც გაუფასურდა.
2025 წლის გაზაფხულში კი გაუფასურდა თავად დოლარი, რაც დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესების გადაწყვეტილებას მოჰყვა. შედეგად ბოლო რამდენიმე თვეა ერთი დოლარის ღირებულება 2.70-2.72 ლარის ფარგლებშია.
30-წლიანი პერიოდის განმავლობაში, ლარის გაცვლითი კურსი დოლართან ყველაზე გაუფასურებული 2021 წლის გაზაფხულზე იყო და კურსი 3.5 ლარსაც აღწევდა, ხოლო ყველაზე მყარი 1995 წლის დეკემბერში ლარის გამოშვებიდან ორ თვეში იყო და ერთი დოლარი 1.23 ლარი ღირდა.




























