მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარი ელისონს მასკის გადასწრებამდე $1 მლრდ აშორებს

ელისონი

Oracle-ის დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, ლარი ელისონს სულ რაღაც $1 მილიარდი დოლარი აშორებს პლანეტის უმდიდრესი მეწარმის, ილონ მასკის გადასწრებამდე.

ამჟამად ელისონის ქონების შეფასება $383 მილიარდს შეადგენს, ხოლო მასკის სიმდიდრე Bloomberg-ის მიერ $384 მილიარდად არის შეფასებული.

უნდა აღინიშნოს, რომ ელისონის ქონება გუშინ, ზუსტად ერთ დღეში 89 მილიარდით გაიზარდა, რაც მისი კომპანიის არნახულ შედეგებთან არის დაკავშირებული.

ფინანსური შედეგების გასაჯაროების შემდეგ, კომპანიის აქციების შეფასება ერთ დღეში 36%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ Oracle-ის კაპიტალიზაცია 244 მილიარდი დოლარით არის მომატებული და ის ამჟამად 922 მილიარდ დოლარს აღწევს.

აღსანიშნავია, ინვესტორებს პოზიტიური განწყობა აქვთ მომდევნო სავაჭრო სესიებთან დაკავშირებითაც და არ იქნება გამორიცხული, მიმდინარე თვის ბოლომდე Oracle-მა $1-ტრილიონიანი შედეგის მიღწევა შეძლოს.

ეს არნახული ზრდა სამომავლო პროგნოზს და წინა კვარტალში დაფიქსირებულ შედეგს უკავშირდება. კომპანიის მენეჯმენტის მოლოდინით, Cloud-მიმართულების შემოსავალი 144 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც 77%-ით გაზრდილი მაჩვენებელი იქნება.

ამასთან, კომპანია გაფორმებული კონტრაქტებიდან შემოსავლის 359%-იან ზრდას აფიქსირებს, რაც არა უბრალოდ აღემატება უოლ-სტრიტის ანალიტიკოსების მოლოდინებს, არამედ არსებითაც ცვლის კომპანიის საბაზრო შეფასებას.

81 წლის ბიზნესმენი Oracle-ის 41%-იან წილს ფლობს და კომპანიის აღმასვლა პირდაპირი პროპორციით იწვევს მის გამდიდრებას.

ამჟამინდელი მონაცემებით, პლანეტის უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში Oracle-ს მე-12 ადგილი უჭირავს და ბოლო 6 თვეში ის 130%-იან ზრდას აფიქსირებს, რაც ბირჟაზე ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები