მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის გაუფასურება, ზრდის შემცირება - TBC Capital-ი ომის ეკონომიკურ გავლენაზე ორ სცენარს აქვეყნებს

621cb7bf809d9
შოთა ტყეშელაშვილი
28.02.22 15:57
1350
TBC Capital-მა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის საქართველოზე გავლენის ეკონომიკური შეფასება გამოაქვეყნა. შეფასება მოიცავს ორი სხვადასხვა სცენარის ანალიზს, მათგან პირველია ომის შედარებით მოკლე ვადაში დასრულება; მეორე კი ხანგრძლივი კონფლიქტი რუსეთ-უკრაინას შორის. ორივე სცენარის შედეგი საქართველოსთვის ნეგატიურია - მცირდება ეკონომიკური ზრდა; იზრდება ინფლაცია და ლარი უფასურდება, თუმცა ხანგრძლივი კონფლიქტი საქართველოს ეკონომიკას გაცილებით უფრო დიდ ზიანს აყენებს.

რა ეფექტი აქვს კონფლიქტს საქართველოს ეკონომიკაზე:

სცენარი 1 – დროული გადაწყვეტა - აღწერა:

• შედარებით ხანმოკლე კონფლიქტი. უკრაინის ნაწილი ოკუპირებულია, თუმცა საბრძოლო მოქმედებები აღარ გრძელდება.
• რუსეთის მიმართ წესდება სანქციები, მაგრამ რუსეთი აგრძელებს ენერგორესურსების ექსპორტს. SWIFT-დან ძირითადი ბანკების გათიშვა დროებითია.
• ხდება სხვა სანქციების მხოლოდ ეტაპობრივი შერბილება.
• 2014-2015 წლების შოკისაგან განსხვავებით, ნავთობისა და სხვა სასაქონლო პროდუქტების ფასები მაღალია, რაც ორივე ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანია. ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 105 დოლარს აღწევს, წლის ბოლოსაკენ კი 85 დოლარამდე მცირდება.
• ეს სცენარი, ჩვენი წინა შეფასების მსგავსია, თუმცა ეკონომიკის ზრდაზე და ვალუტებზე უფრო მეტი ნეგატიური ზეგავლენით.
• 2022 წელს უკრაინის ეკონომიკა - 10-15%-ით, ხოლო რუსეთის დაახლოებით 4%-ით მცირდება. რუბლი და ჰრივნა კი 30 და 20%-ით უფასურდება, საწყის პერიოდში შესაძლო კიდევ უფრო მეტი გაუფასურებით, განსაკუთრებით რუბლის შემთხვევაში.

ამ სცენარის შედეგები საქართველოსთვის:

• 2022 წელს საქართველოში მშპ-ს ზრდა 6%-დან 3.5-4.0%-მდე მცირდება და ლარი დოლართან 5%-ით, დაახლოებით 3.15-მდე უფასურდება. ამასთან, საწყის პერიოდში 3.3-3.4-მდე დროებითი გაუფასურება არაა გამორიცხული.
• ამ სცენარში, ეროვნული ბანკის ინტერვენციები და საგარეო დაფინანსებით ფისკალური სტიმული ზომიერია, თუ საერთოდ საჭირო, რადგანაც წმინდა შემოდინებებში დანაკლისი 2022 წლის კონფლიქტამდე არსებულ საბაზო სცენართან შედარებით დაახლოებით 400 მილიონ დოლარამდეა, ხოლო 2021 წელთან შედარებით დაახლოებით 170 მილიონი დოლარის გაუმჯობესებას აქვს ადგილი.
• დეპოზიტების ვალუტასა და სესხების ლარში გადატანას მხოლოდ მცირე მასშტაბი აქვს.
• 2022 წლის ინფლაცია სამიზნეზე მხოლოდ მცირედით მაღალია და წლის ბოლოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არსებული 10.5%-დან, დაახლოებით 9%-მდე მცირდება. ამასთან, არაა გამორიცხული განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გამკაცრება, ვიდრე შედარებით დროული გადაწყვეტისსცენარი უფრო თვალსაჩინო გახდება.
• იმის გათვალისწინებით, რომ შოკი ეგზოგენურია, ანუ ის პანდემიის მსგავსად არაა ეკონომიკური და ფინანსური ფაქტორებით გამოწვეული, 2023 წლის აღდგენაც ძლიერია.

სცენარი 2 – კონფლიქტის დაგვიანებული გადაწყვეტა - აღწერა:

• კონფლიქტი კვარტალზე მეტი პერიოდის განმავლობაში გრძელდება.
• სანქციები საკმაოდ მძიმეა, SWIFT-დან გათიშვისა და ენერგორესურსების ექსპორტის ჩათვლით.
• რუსეთის შიდა საანგარიშსწორებო სისტემა, კრიპტოვალუტები და სხვა ტექნოლოგიები SWIFTის ალტერნატივას ვერ ასრულებს, თუმცა ქვეყნის შიგნით გადახდები შეუფერხებლად გრძელდება.
• სანქციების ზეგავლენის შერბილების მიზნით, ჩინეთის მხარდაჭერას ადგილი არ აქვს და რუსეთი ენერგორესურსების ექსპორტის ნახევარზე მეტს კარგავს.
• ქვეყნის საერთაშორისო აქტივების ნახევარზე მეტი დაყადაღებულია და რუსეთი შოკის მიტიგაციისათვის მხოლოდ მათ ნაწილს იყენებს.
• აშშ და ოპეკი ზრდიან ენერგორესურსების მიწოდებას.
• თუმცა, ფასები მაინც იზრდება. ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 150 დოლარს აღწევს და წლის ბოლოსაკენ 120 დოლარის ფარგლებში განისაზღვრება.
• ამ სცენარში, უკრაინის ეკონომიკა დაახლოებით 20%-ით, ხოლო რუსეთის 7-10%-ით მცირდება. რუბლი და ჰრივნა კი, 50 და 30%-ით უფასურდება განსაკუთრებით რუბლის შემთხვევაში უფრო მეტი დროებითი გაუფასურების მაღალი ალბათობით.

ამ სცენარის შედეგები საქართველოსთვის:

• ამ სცენარში, გაანგარიშებული წმინდა დანაკარგი სავალუტო შემოდინებებიდან 2022 წლის კონფლიქტამდე არსებულ საბაზო სცენართან შედარებით 740-ს, ხოლო 2021 წელთან შედარებით 110 მილიონ დოლარს შეადგენს.
• ამასთან, ამ შემთხვევაში ლარის გაუფასურება არაა გათვალისწინებული, რაც იმპორტს ამცირებს, თუმცა ჩვენი შეფასების ნაკლები ეკონომიკური ზრდის ხარჯზე, რადგანაც ძირითადი ზეგავლენა არა ჩანაცვლების, არამედ შემოსავლების ეფექტიდანაა.
• ლარის მხოლოდ მცირე, 5-10%-ით გაუფასურების შემთხვევაში, 2022 წლის ზრდა კონფლიქტამდე არსებული 6%-იანი პროგნოზიდან, დაახლოებით 0.5%-მდე მცირდება და წმინდა შემოდინებების დანაკლისი ეროვნული ბანკის ინტერვენციებითა და მთავრობის საგარეო დაფინანსებით ბალანსდება. ჩვენი შეფასებით, ჯამურად 550 მლნ აშშ დოლარის მიწოდება არის საკმარისი.
• მნიშვნელოვანი გაუფასურების სცენარში, ლარი დოლართან დაახლოებით 3.5-მდე უფასურდება, დამატებითი დროებითი გაუფასურების ანგარიშგასაწევი ალბათობით, და წმინდა შემოდინებების დანაკლისი დაახლოებით ნახევრდება, თუმცა ეკონომიკის ზრდა მცირედით ნეგატიურია.
• საგარეო შოკის გარდა, ასევე რისკია, რომ ერთი მხრივ, ვალუტის დეპოზიტების, ხოლო ამავდროულად მეორე მხრივ, ლარის სესხების ზრდამ შოკი გაამწვავოს, როგორც ეს 2020-2021 წლებში მოხდა და პანდემიით გამოწვეული დანაკლისი დაახლოებით 50%-ით გაიზარდა.
• ამ შოკის გამაძლიერებლის დასაბალანსებლად, სავალუტო რისკის დაზღვევის მექანიზმის გამოყენებაა შესაძლებელი, თუმცა ეს ინსტრუმენტი საერთაშორისო პრაქტიკაში ფართოდ გავრცელებული არაა და მისი შემოღების ალბათობაც დაბალია.
• დამატებით, სუსტმა რუბლმა და ჰრივნამ ასევე შესაძლოა ლარზე ზეწოლა გამოიწვიოს.
• მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მხრივ, დაახლოებით 1.5-2.5 პროცენტული პუნქტით გამკაცრებაა მოსალოდნელი, თუმცა წლის ბოლოსაკენ მნიშვნელოვანი შერბილების გათვალისწინებით, როდესაც ინფლაცია სამიზნეზე მაღალი იქნება, მაგრამ ის ერთნიშნა მაჩვენებელს არ გადააჭარბებს,”- წერს “თიბისი კაპიტალი’.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები