“ლარს სჭირს ის, რაც სჭირს ქვეყანას მთლიანობაში” - ამის შესახებ გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ განაცხადა. მისივე თქმით, ლარს ეტყობა ის, რომ ქვეყანა ექცევა საერთაშორისო იზოლაციაში.
“ლარს სჭირს ის, რაც სჭირს ქვეყანას მთლიანობაში - არის მასობრივი პროტესტი, გამოსვლები, ხელისუფლება არალეგიტიმურია, რაც უფრო და უფრო მეტად მყარდება საერთაშორისო ასპარეზზე. თუ ქვეყნის ხელისუფლება არ დათმობს თავის პოზიციებს, უფრო მეტად იკვეთება ის გარემოება, რომ ვდგავართ საერთაშორისო იზოლაციის პირობებში. ფაქტობრივად, ქვეყნის განდევნა ხდება დასავლური ცივილიზაციისგან. ჩვენ უფრო მეტი ასეთი არგუმენტები გვესმის წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისგან. ეს პროცესი უფრო მასშტაბური ხდება და ცხადია, რომ ლარის კურსსაც ეს ყველაფერი ემჩნევა”, - განმარტა აკაკი ცომაიამ.
ეკონომისტმა ეროვნული ბანკის ქმედებებიც შეაფასა რეზერვების გაყიდვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მათ თავიდანვე არასწორი გათვლა ჰქონდათ. მისივე განმარტებით, არჩევნებამდე “დიდი ფულის პატრონებმა” ლარის უცხოურ ვალუტაში კონვერტაცია დაიწყეს, სებ-ის მოლოდინი იყო, რომ არჩევნების შემდეგ მოხდებოდა დეპოზიტების ისევ გალარება, თუმცა ასე არ მოხდა.
“არჩევნებამდე ბევრს ჰქონდა შიში და ალბათ "ქართული ოცნების" მომხრე ბიზნესებმა და ბიზნესმენებმა, მათ შორის დიდი ფულის პატრონებმა დაიწყეს ლარის უცხოურ ვალუტაში კონვერტაცია და დეპოზიტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ცენტრალურმა ბანკმა ჩათვალა, რომ ეს ის მომენტი იყო, როცა კურსი უნდა დაეფიქსირებინა”, - აღნიშნა აკაკი ცომაიამ და დასძინა, რომ ფაქტობრივად, ორი თვე ცენტრალურმა ბანკმა ფიქსირებულ სავალუტო რეჟიმზე გადაგვიყვანა. მისივე თქმით, ხოლო არჩევნების შემდეგ, სებ-ს ჰქონდა იმედი, რომ მოხდებოდა დეპოზიტების ისევ გალარება და ლარზე მოთხოვნა გაიზრდებოდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მათ მცდარი გათვლა გააკეთეს.
"მით უფრო, რომ კობახიძის ცნობილი განცხადების შემდეგ, დაიწყო მასობრივი პროტესტი, უფრო მეტად მყარდება საერთაშორისო იზოლირების თემა და შესაბამისად, ვხედავთ, რომ ეროვნული ბანკი უფრო მეტად უყურებს ლარის კურსის მერყეობას, არათუ რეზერვების შევსების პროცესი დაიწყოს”, - აღნიშნა აკაკი ცომაიამ.
ცნობისთვის, სებ-მა ოქტომბერში $591 მილიონი გაყიდა. მათ შორის სავალუტო ინტერვენციებით $214 მილიონი დოლარი, ხოლო Bmatch პლატფორმით 377.7 მილიონი დოლარი. ის, რომ ეროვნულმა ბანკმა ოქტომბერში რეკორდული ინტერვენციები განახორციელა, მიმდინარე თვის 8 ნოემბერს გახდა ცნობილი, როდესაც სებ-მა გამოაქვეყნა სავალუტო რეზერვების ანგარიში, რომელიც ოქტომბერში 627 მილიონი დოლარით, 4.08 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
პარალელურად, ნათია თურნავა აცხადებს, რომ ეროვნულმა ბანკმა ნოემბერში $124.5 მილიონი შეისყიდა.