ეკონომისტ აკაკი ცომაიას შეფასებით, ორ ძირითადი ფაქტორია, რითაც ლარის კურსის ბოლოდროინდელი გამყარება აიხსნება.
საქმე ისაა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარის გამყარების ტენდენცია ფიქსირდება. მარტში ჯამურად ლარი დოლართან მიმართებაში 1.8%-ითაა გამყარებული. ბოლო ვაჭრობის შედეგად კი, 1 დოლარის ღირებულებამ 2 ლარი და 76 თეთრი შეადგინა.
როგორც ცომაიამ BMG-ის განუცხადა, კურსის გამყარებაზე ერთი მხრივ, საგარეო ვაჭრობიდან მიღებული სავალუტო შემოდინებები, ხოლო მეორე მხრივ, დეპოზიტების დოლარიდან ლარში კონვერტაცია მოქმედებს.
“იანვარ-თებერვალში ექსპორტი ჯამურად გაზრდილი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ უცხოური ვალუტის შემოდინება გაიზარდა, ასევე თებერვალში იმპორტში კლება დაფიქსირდა. ასევე იკვეთება დოლარიზაციის მაჩვენებლის შემცირება, რაც იმას ნიშნავს, რომ დოლარის კონვერტაცია ხდება ლარში. გასულ პერიოდში საწინააღმდეგო პროცესი იყო, როდესაც გაურკვევლობის ფონზე, ანაბრების დოლარში კონვერტაციები ხდებოდა. ახლა როგორც ჩანს, მსხვილ მოთამაშეებში სიტუაცია თითქოს დაწყნარდა და ლარში კონვერტაციები ფიქსირდება.
ჯერჯერობით არ გვაქვს ახალი მონაცემები, თუ რა ხდება ტურიზმის სექტორში, არა მგონია, იანვართან შედარებით სიტუაცია მნიშვნელოვნად შეცვლილიყო. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოლოდინი ნაკლებადაა. ამიტომ სავარაუდოდ, ეს ორი ფაქტორია, რამაც მოცემულ პერიოდში ლარის გამყარება გამოიწვია”, - განაცხადა აკაკი ცომაიამ.