გაცილებით სწორი იქნებოდა, რომ ეროვნულ ბანკს ლარისთვის საშუალება მიეცა, საბაზრო ნიშნული ეპოვა - ასე აფასებს ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი სებ-ის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთებულ სავალუტო ინტერვენციებს.
ფინანსისტის შეფასებით, არსებული პოლიტიკური კრიზისის და დასავლეთთან გაუარესებული ურთიერთობების ფონზე, ლარის მკვეთრი მერყეობა და ინვესტიციების გადინებაა მოსალოდნელი, ამ ვითარებას კი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად შემცირებული სავალუტო რეზერვებით შეხვდება.
მისი შეფასებით, ლარის დასასტაბილურებლად წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთებული სავალუტო ინტერვენციები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ეროვნული ბანკი საკუთარ ქმედებებში დამოუკიდებელი არაა.
„ყველაზე დიდი პრობლემაა ისაა, რომ ეროვნული ბანკისთვის [ინტერვენციების] საჭიროება განსაზღვრულია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური, წინასაარჩევნო კონიუქტურით. სავალუტო ინტერვენციების დრო, წინასაარჩევნო პერიოდი სერიოზული ეჭვს იწვევს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მიმართულებით.
თუ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გაგრძელდება, ეს ლარის მიმართ პესიმიზმს გამოიწვევს და როდესაც მართლა დაგვჭირდება რეზერვები, იმ სიტუაციას ჩვენ რეზერვების დაბალი დონით შევხვდებით. გაცილებით სწორი იქნებოდა, რომ ეროვნულ ბანკს ლარისთვის საშუალება მიეცა, ის ნიშნული დაეკავებინა, რასაც მას ბაზარი მოსთხოვდა. სამაგიეროდ ჩვენ რეზერვებს შევინარჩუნებდით, რომელიც ახლა უფრო გამოგვადგებოდა, როდესაც დოლარის გადინების სერიოზული პრობლემა შეგვექმნას. იმისთვის რომ სებ-მა რეზერვები დააგროვოს, საჭიროა ქვეყანაში უცხოური ვალუტა შემოვიდეს. ამ პირობებში, როდესაც ლამის ვიზალიბერალიზაცია კითხვის ნიშნის ქვეშაა, ვინ უნდა გამოაგზავნოს მყარი ვალუტა? ვინ უნდა ჩადოს ქვეყანაში ფული თუ ირანიზაციის გზაზე ვიქნებით“, - განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.
ცნობისთვის, ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ გასულ პერიოდში რეზერვების დაგროვებაზე ორიენტირებულმა პოლიტიკამ ახლა სებ-ს შესაძლებლობა მისცა, საჭიროების შესაბამისად გამოეყენებინა რეზერვების გარკვეული ნაწილი. ინტერვენციების საჭიროებას კი სებ-ი ისევ და ისევ ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების ფონზე კურსის ჭარბი მერყეობის შეჩერების აუცილებლობით ხსნის.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ი შეფასებით, კი საქართველოს სავალუტო რეზერვები ადეკვატურობის ნიშნულს ჩამოსცდა და მისი მოცულობა შესადარ ქვეყნებზე უფრო დაბალია.
სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს სავალუტო რეზერვები 4.7 მლრდ დოლარამდე იყო შემცირებული, რაც წლიურ ჭრილში 561 მილიონიანი შემცირებაა. თუმცა სავარაუდოა, რომ რეზერვების მოცულობა ოქტომბერში კიდევ უფრო მეტად შემცირდა, რადგან მხოლოდ ოქტომბერში სავალუტო ინტერვენციების გზით ლარის დასასტაბილურებლად ეროვნულმა ბანკმა 213 მილიონი დოლარი გაყიდა.