კაპიტალის ბაზრის ექსპერტის, მარინა გულედანის შეფასებით, ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება.
როგორც მან BMG-ის განუცხადა, მოსალოდნელი იყო, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ამ მიმართულებით პოლიტიკური წნეხი გაიზრდებოდა და სებ-ს რეზერვების გაყიდვა მოუწევდა.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ თუკი არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ დარჩება და ანტიდასავლური კურსი გაგრძელდება, ეს საბოლოოდ როგორც ლარის კურსზე, ასევე ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება.
„ძალიან ბუნებრივია, რომ ეროვნული ბანკი, რომელიც სინამდვილეში არაა დამოუკიდებელი ინსტიტუცია, რეზერვების ხარჯვის პროცესში აუცილებლად ითვალისწინებს პოლიტიკურ დაკვეთას და საჭიროებას, რომ არჩევნების წინ გაცვლითი კურსი მეტ-ნაკლებად სტაბილური იყოს, რომ არჩევნებამდე მოსახლეობის უკმაყოფილება შეამციროს. ადრეც ვთქვი, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე სავალუტო რეზერვების გამოტანის და გაყიდვის წნეხი გაიზრდებოდა.
ასე რომ, ჩემთვის არაფერი გასაკვირი არ ხდება და ეს არის იმ უფრო დიდი სქემის ლოგიკური ნაწილი, რომელიც იმ შემთხვევაში განვითარდება, თუკი არსებული მთავრობა არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში დარჩება. ასეთ შემთხვევაში, ყველა ზურგს გვაქცევს და თუკი ინვესტიციებს ვერ მივიღებთ, ეს ჩვენს ეკონომიკაზე დრამატულად აისახება და ჩვენი სავალუტო რეზერვები კიდევ უფრო შემცირდება. თვითონ რეზერვების შემცირების ფაქტი კი საბოლოოდ გაცვლით კურსში აისახება“, - განაცხადა მარინა გულედანმა.
ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა 16 ოქტომბერს 2024 წლის რიგით მეხუთე სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და აუქციონზე გასაყიდად 70 მილიონი დოლარი გამოიტანა, საიდანაც ბაზარმა 64.9 მილიონი დოლარი აითვისა. სებ-მა წინა ინტერვენცია 8 ოქტომბერს განახორციელა, რომელზედაც 48.5 მილიონი დოლარი გაყიდა. შესაბამისად, მხოლოდ მიმდინარე თვეში ინტერვენციების გზით ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე 113.4 მილიონი დოლარი გაყიდა.