ეკონომისტების ნაწილის შეფასებით, ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი მიდგომა სავალუტო რეზერვებთან და ინტერვენციებთან დაკავშირებით ორი მიზეზით შეიძლება აიხსნას.
საქმე ისაა, რომ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ განსხვავებით წინასაარჩევნო პერიოდისგან, ბოლო დღეების განმავლობაში ლარის გაუფასურებისას სავალუტო ინტერვენციებით ჩარევის საჭიროება არ ყოფილა. ამასთან, ნათია თურნავას განცხადებით, ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა 124.5 მილიონი დოლარი შეისყიდა, რაც საერთაშორისო რეზერვების გაზრდის მიზნით განხორციელდა.
როგორც ფინანსისტმა, გიგა ბედინეიშვილმა BMG-ის განუცხადა, ეს გარემოება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ სებ-ისთვის წინასაარჩევნო პერიოდში ლარის სტაბილურობა პრიორიტეტი იყო. მისივე თქმით, მეორე მხრივ, ეს ფაქტი სავალუტო რეზერვების შემცირებულ მოცულობაზე მიუთითებს.
“რაც შეეხება საკითხს, რომ ეროვნული ბანკის პოლიტიკა შეიცვალა რეზერვებთან მიმართებაში, ჩემთვის ეს ორ რამეს ნიშნავს. ერთი მხრივ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეროვნული ბანკი პოლიტიზებულია. ანუ სებ-სთვის ლარის სტაბილურობა არჩევნებამდე უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე არჩევნების შემდეგ, რადგან მიაჩნდათ, რომ არჩევნების შედეგი გაცილებით უფრო დიდი პრიორიტეტი იყო. მეორე მხრივ, სავალუტო რეზერვების მოცულობა უკვე საშიშ ნიშნულსაც უახლოვდებოდა და ჩაითვალა, რომ ისევე დიდი მოცულობით რეზერვების ხარჯვა სწორი არ იქნებოდა“, - განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.
ცნობისთვის, ლარი დოლართან მიმართებით ირაკლი კობახიძის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების შემდეგ დაახლოებით 13 თეთრით იყო გაუფასურებული. თუმცა ბოლო ორი დღის განმავლობაში ეროვნული ვალუტა მცირედით მყარდება.
ამასთან, 2024 წლის ოქტომბერში სებ-მა რეკორდული 591 მილიონი დოლარის ინტერვენციები განახორციელა, რის შედეგადაც საქართველოს საერთაშორისო რეზერვები 4.08 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.