მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლარში გაცემული იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთები სავარაუდოდ შემცირდება“ - ძნელაძე

საბანკო ასოციაცია

საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, მოსალოდნელია რომ ლარში გაცემულ იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთები შემცირდება.

მთავარი მიზეზი რეფინანსირების განაკვეთის  კლება და ამ მხრივ მომდევნო თვეებში არსებული მოლოდინებია.

გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას ძნელაძემ უცხოურ ვალუტაში გაცემულ პორთფელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკისა და ევროპის ცენტრალური ბანკების მხრიდან მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების გამო, საპროცენტო განაკვეთები სავარაუდოდ, დღეს არსებულ, 7-8%-იან ნიშნულზე დარჩება.

„პროცენტების შემცირებაზე ორი მიმართულებით შეგვიძლია საუბარი, ერთი არის არსებული საპროცენტო განაკვეთების სხვაობა წინა პერიოდებთან მიმართებით და მეორე, ახალი შეთავაზებები. ახალ შეთავაზებებზე ლარში მნიშვნელოვნად შემცირებულია უკვე განაკვეთები. აქ ასახულია როგორც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის არსებული შემსუბუქება, ასევე მოლოდინები, რომ წლის ბოლომდე კიდევ შემსუბუქდება. შეთავაზებები 10%-დან 11%-მდე მერყეობს და ვფიქრობთ, რომ კიდევ შემცირდება. ძირითადი მიზეზი რეფინანსირების განაკვეთია, რადგან დღეს ბაზარზე გრძელვადიანი ლარის წყაროდ მხოლოდ ეროვნული ბანკი რჩება და ამ თვალსაზრისით პირდაპირ მიბმულია ლარის თვითღირებულება იმაზე, თუ რა ღირებულება აქვს ეროვნულ ბანკში აღნიშნულ რესურსებს.

რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში სესხებს, აქ მიჭირს მონახაზის აღწერა. ახალ სესხებთან და არსებულ სესხებთან მიმართებით განაკვეთებს მზარდი ხასიათი აქვს. თუ არ გაიზრდება, არ შემცირდება, რადგან მონეტარული პოლიტიკა არა მხოლოდ საქართველოში იყო გამკაცრებული, არამედ გრძელდება გამკაცრება დოლარზე და ევროზე. ის შემცირება რაც სტატისტიკურ მონაცემებში გვხვდება, დაკავშირებულია პორტფელებს შორის გადანაწილებასთან. ლარსა და უცხოურ ვალუტას შორის  საპროცენტო განაკვეთებში სხვაობა უკვე პატარაა და მომხმარებლებმა შეიძლება გაალარეს კიდევაც საკრედიტო პორტფელი.

როგორც იცით, უცხოურ ვალუტაში მხოლოდ 10 წლამდე შეიძლება იყოს სესხი. რეალურ ცხოვრებაში შესაძლებელია სამომხმარებლო სესხებიც კი იყოს გამოყენებული იპოთეკური მიზნებისთვის, რადგან ერთი და იგივე ვადანობა აქვს და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. მეორე მხრივ, უცხოურ ვალუტაში 200 ათას ლარამდე ვერ იღებ, ხოლო თუ  უფრო დიდ თანხებზე ვისაუბრებთ, საპროცენტო განაკვეთები აქ მაღალია. იმ შეთავაზებებში რაც დღეს გვაქვს უკვე ასახულია ის მოლოდინი და პროგნოზები, რაც უკვე მოხდა, ამიტომ თუ მკვეთრად არ შეიცვალა სურათი უცხოეთში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაც არის საშუალოვადიან პერიოდში ეს შენარჩუნდება და ეს არის 7-8%-ის ფარგლებში,“ - განაცხადა ძნელაძემ.

კითხვაზე, იზრდება თუ არა იპოთეკური სესხების წილი უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შესაბამისად, საბანკო ასოციაციაში ამბობენ, ტენდენცია პოზიტიურია, თუმცა არა ტრანზაქციებთან შესაბამისობაში.

„საკრედიტო პორტფელი სტაბილურად მზარდია, ეს დინამიკა არ გაჩერებულა, შედარებით პასიური იყო აგვისტო და ამას დავაბრალებდი იმ ბუმს, რომელიც გასული ზაფხულიდან ვიხილეთ, როცა აფეთქდა უძრავი ქონების ბაზარი. გასულ წელს იცით, რომ უძრავი ქონების საინვესტიციო ღირებულება მკვეთრად გაიზარდა, აქედან გამომდინარე, ამ აქტივობის ფონზე აგვისტოში იყო გარკვეულწილად შენელება. სექტემბრის მონაცემები ჯერ არ გვაქვს, თუმცა არის იმედის მომცემი აქტივობები, რომელსაც წლის ბოლომდე ვიხილავთ.

მიუხედავად 1 წლის განმავლობაში გარკვეული აქტივობების ზრდისა, თუ შევხედავთ მონაცემებს ტრანზაქციებთან თანაფარდობაში, ვერ ვიტყვით რომ ეს აისახა იპოთეკურ პორტფელზე.  ეს იმის თქმის წინაპირობას იძლევა, რომ ტრანზაქციების უდიდესი ნაწილი არ გადიოდა საბანკო სესხების სახით,“ - განმარტა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას ძნელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები