ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ოლივიე კურტოს შეხვდა.
სამინისტროს თანახმად, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
"ფინანსთა მინისტრმა ელჩს მიულოცა დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატებები უსურვა საქმიანობაში.
მხარეებმა გამოხატეს მზაობა, იმუშაონ საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად",,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკური სამსახურის უფროსი ჰუგო დებრუა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი ფანი დელპი.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიით, გრანტების სახით ჯამურად დაგეგმილია 219,1 მლნ ლარის მიღება. AFD ერთ-ერთია, რომლისგანაც მთავრობა ბიუჯეტში გრანტებს ელის, კერძოდ კი 3 მლნ ლარია გათვალისწინებული. გასულ წელს მაჩვენებელი 1.5 მლნ ლარამდე იყო. AFD სხვა ინსტიტუტებთან ერთად, დააფინანსებს საქართველოში სარწყავი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამას, ასევე ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მომსახურების გაუმჯობესებას.




























