მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა ხუციშვილს სებ-ის საბჭოს წევრობაზე განაცხადი არ შეუტანია

ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობაზე განაცხადი არ შეუტანია. ამის შესახებ მან bm.ge-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

bm.ge-ის კითხვაზე - შეიტანა თუ არა ფინანსთა მინისტრმა განაცხადი სებ-ის საბჭოს წევრობაზე, ლაშა ხუციშვილმა მოკლედ უპასუხა: „ამაზე პასუხი უარყოფითია - არა!“

საქმე ის არის, რომ 2023 წელს სებ-ის საბჭოს წევრობასა და პრეზიდენტის ვაკანტურ ადგილზე ლაშა ხუციშვილის კანდიდატურაც განიხილებოდა. მაშინ „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავდნენ, რომ პრეზიდენტმა პარლამენტისთვის სებ-ის პრეზიდენტის კანდიდატად ლაშა ხუციშვილი წარდგენაზე უარი თქვა. სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში კი განმარტეს, რომ პრეზიდენტს ლაშა ხუციშვილის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს, მაგრამ „კითხვებს აჩენდა კანდიდატის დამოუკიდებლობა“.

საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა. მის წევრებს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით, 7 წლის ვადით ირჩევს. ამ დროისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში 4 ვაკანტური პოზიციაა. სებ-ის საბჭოს ვაკანტურ თანამდებობებზე ვაკანსია 7 თებერვალს გამოცხადდა და განაცხადების მიღება 23 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, თუმცა 1-ელ მარტამდე გახანგრძლივდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ ამბობენ, რამდენ აპლიკანტს სურს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობა.

სებ-ის საბჭოს წევრობაზე განაცხადები, აკადემიკოსმა ლადო პაპავამ და სეუ-ს ეკონომიკის დოქტორმა, სერტიფიცირებულმა აუდიტორმა მურად ნარსიამ შეიტანეს. აღნიშნული ინფორმაცია მათ BM.GE-ის დაუდასტურეს. მურად ნარსიას ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობაზე 30-მდე განაცხადია შესული.

გასულ წელს, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ სანქციების აღსრულების წესის ერთპიროვნულად შეცვლის შემდეგ, ეროვნული ბანკის და შესაბამისად, სებ-ის საბჭოს დატოვების გადაწყვეტილება სამმა ვიცე პრეზიდენტმა: პაპუნა ლეჟავამ, ნიკოლოზ გაგუამ და არჩილ მესტვირიშვილმა მიიღო. პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოში 2 ვაკანტურ თანამდებობაზე ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი 2023 წლის 21 სექტემბერს აირჩია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები