ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი დედაქალაქში კიდევ ერთ მულტიფუნქციურ ცენტრს ააშენებს. როგორც მან BM.GE-ს განუცხადა, პროექტი გორგასლის ქუჩაზე განხორციელდება და მისი საინვესტიციო ღირებულება 50 მილიონი დოლარია.
პაპაშვილის კომპანია ანალოგიურ პროექტს ახორციელებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზეც. როგორც ბიზნესმენი ამბობს, ორივე პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი დოლარია. პროექტების კონცეფცია მსგავსია. ბიზნესმენის თქმით, კომპლექსის დიდი ნაწილი საოფისე, ნაწილი კი საცხოვრებელ ფართებს დაეთმობა. ორივე კომპლექსში განთავსდება ბრენდული, ბიუჯეტური სასტუმრო.
„მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და გორგასლის ქუჩაზე მუნლტიფუნქციური ცენტრების ორ პროექტს ვაკეთებთ. ახლა განაშენიანების რეგულირების გეგმის ეტაპზე ვართ. თითქმის ერთი მასშტაბის პროექტებია. თითოეულის ფართობი 35 000 კვადრატული მეტრია. თითოეული პროექტი 50 მილიონ დოლარი დაჯდება. გორგასალზე პროექტს დაახლოებით ერთ წელში დავიწყებთ.
კონცეფცია არის ცოტა საცხოვრებელი ბევრი ოფისი, აუცილებლად სასტუმრო ორივეგან, ოღონდ ბიუჯეტური და ბრენდული. ორივე პროექტის საინვესტიციო ღირებულება 100 მლნ დოლარია, თუმცა გააჩნია სასტუმროს რომელ ბრენდს ავირჩევთ. პროექტი გაძვირდება თუ უფრო მაღალი ბრენდი იქნა სასტუმრო“,- განუცხადა ბიზნესმენმა BM.GE-ს.
თბილისის მერიისთვის წარდგენილი პროექტის მიხედვით, რომელიც სანაპიროზე უნდა აშენდეს, ბიზნესმენს სურს ადგილზე 27-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობა, რომლის 25% საცხოვრებელი, ხოლო 75% კომერციული მიზნით იქნება გამოყენებული. პროექტს შპს „ბიზნეს-ცენტრი მტკვრის სანაპიროზე“ ახორციელებს, რომლის 50%-50%-იან წილს ლაშა და სულხან პაპაშვილები ფლობენ.