რუსეთის მიერ აფხაზეთში სოციალური გასაცემლების შეჩერება გამწვავება არ არის, საუბარია იმ ვალდებულებების ბალანსის შენარჩუნებაზე, რომელიც თავის თავზე ორი ქვეყნის ხელისუფლებამ აიღო - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა RBC-სთან ინტერვიუში.
„ამას გამწვავებას ვერ დავარქმევდი. დავუბრუნდეთ იმას, რაზეც ახლა ვსაუბრობდით: ეს არის მიღწეული შეთანხმების შესრულება. არსებობს შეთანხმებების პაკეტი, რომელიც სანქცირებულია პრეზიდენტების მიერ და მოწონებულია ორი ქვეყნის ხელისუფლების მიერ [გულისხმობს რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს]. ამ შეთანხმებების შესაბამისად, რომელიც ორივე პარლამენტშია რატიფიცირებული, თითოეულ მხარეს თავისი ვალდებულებები აქვს. უბრალო საუბარია იმაზე, რომ დაცული უნდა იყოს ამ ვალდებულებების ბალანსი და ჩვენს აფხაზ მეგობრებს ეს შესანიშნავად ესმით“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს დღეებში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა რუსეთს ეწვევა. „რა თქმა უნდა, ჩვენი სხვა უწყებები თავის კოლეგებთან შესაბამის სამუშაოებს აწარმოებენ. თუმცა მთავარია, კიდევ ერთხელ - ყველა მიღწეული შეთანხმების შესრულება“, - განაცხადა ლავროვმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს პირველი სექტემბრიდან დაფინანსების ნაწილი შეუწყვიტა. სოციალურ გასაცემლებს მასწავლებლები, ექიმები და ძალოვანი სტრუქტურებში დასაქმებულები იღებდნენ. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ფინანსთა მინისტრმა ვლადიმერ დელბამ განაცხადა, რომ რუსეთმა აფხაზეთს 141 მლნ რუბლის დახმარება შეუჩერა, რაც 1.6 მლნ დოლარია.
ამასთან, მიმდინარე წლის შემოდგომა-ზამთარში ოფიციალური მოსკოვი დე-ფაქტო აფხაზეთს ელექტროენერგიას კომერციულ ფასად მიაწვდის.