მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლეგალურად შემოსულ უცხოელს შეუძლია, ადგილობრივს სამუშაო ადგილი წაართვას“ - ინტერვიუ

დავით ებრალიძე

იურიდიული და საკონსულტაციო კომპანია “ედაკოს“ დამფუძნებელი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე (2012-2013 წ.წ.) იურისტი დავით ებრალიძე ირწმუნება, რომ "შრომითი მიგრაციის შესახებ" საქართველოს კანონში, 2023 წლის მაისში შესული ცვლილება, რომლის თანახმად, „ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების უფლება აქვს საქართველოში კანონიერად მყოფ უცხოელს“ , ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ლეგალურად შემოსულ ნებისმიერ პირს შეუძლია დასაქმდეს, რაც ადგილობრივ შრომის ბაზარს აზიანებს.

„ეს ჩანაწერი იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ლეგალურად შემოსულ ნებისმიერ პირს, მათ შორის ტურისტული ვიზით, ან თუნდაც უვიზოდ, შეუძლია სრულიად თავისუფლად დასაქმდეს და წაართვას სამუშაო ადგილი ადგილობრივს, საქართველოს მოქალაქეს და ამისათვის არავითარი „გრინკარტა“ არ სჭირდება. მე არ ვიცი სხვა ქვეყანა, სადაც კანონში ასეთი ჩანაწერი იყოს; სადაც ასე უბარიეროდ შეეძლოს უცხოტომელს ქვეყანაში შემოსვლა და ლეგალურად დასაქმება. არავითარი დაცვა ადგილობრივი მოქალაქეების, ადგილობრივი შრომითი ბაზრის“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

უფრო კონკრეტულად, რა პრობლემებს ხედავს "შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში შარშან შეტანილ ცვლილებებში იურისტი და პრაქტიკაში რა შეიცვალა ამ ჩანაწერის გაჩენით - ამ თემაზე დავით ებრალიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა.

იურისტის შეფასებით, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები დამსაქმებლებს აძლევს საშუალებას, უფრო იაფად დაიქირაოს უცხო ქვეყნის მოქალაქე, ვიდრე - ადგილობრივი.

- ამ თემით მას შემდეგ დავინტერესდი, როცა სპორტსმენების, კერძოდ, ფეხბურთელების და მწვრთნელების გარკვეულმა ჯგუფი სამართლებრივი კონსულტაციისთვის მომმართა. სპორტში ძალიან მომრავლდა უცხოელების დასაქმება და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი უფრო კარგები არიან, არამედ მიზეზი ანაზღაურებაა - ხშირად, უცხოელების დაკონტრაქტება უფრო იაფი უჯდებათ სპორტულ კლუბებს. საკითხის ანალიზმა მიმიყვანა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში გაჩენილ ჩანაწერამდე და ამის შემდეგ, ჩვენ რიტორიკულად ვკითხულობთ - რატომ ტოვებენ საქართველოს ქართველები? რატომ ვხედავთ ამდენ უცხოელ დასაქმებულს მაგალითად, კურიერად, მშენებლობაზე. დასაქმების მიზნით ჩამოსულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, ადგილობრივების კი, შემცირდება. კანონში ეს ჩანაწერი პარლამენტმა (უმრავლესობამ) სრულიად უმტკივნეულოდ მიიღო, არავითარი წინააღმდეგობა, ერთი დეპუტატიც კი არ შეწინააღმდეგებია ამ ჩანაწერს. ჯანდაცვის სამინისტრო საერთოდაც ინიციატორი იყო. ვის ინტერესებს იცავს ეს ხალხი?!

- ხომ არ გქონიათ ჯანდაცვის სამინისტროსთან ან პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტთან კომუნიკაცია, რადგან მახსოვს, შარშან, როდესაც მთელი რიგი ცვლილებები შევიდა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში, ჯანდაცვის სამინისტროს მენეჯმენტი აცხადებდა, რომ ნებისმიერი მიგრაციის კანონის მოტივატორია ადგილობრივი მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობა და წახალისებაა.

- პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტთან მქონდა კომუნიკაცია და მითხრეს, ასე არც შეგვიხედავს ამ თემისთვისო... ვერ აღიქვეს, რომ ამ ჩანაწერით შრომის ბაზარი სრულად გახსნეს. მათ ჰგონია, რომ პოლიტიკა არ შეცვლილა და ადგილობრივი დასაქმებული ისევ დაცულია.

- რა უნდა შეიცვალოს?

- ეს მუხლი უნდა შეიცვალოს ანუ არ შეიძლება, დასაქმების უფლება მიეცეს საქართველოში კანონიერად მყოფ უცხოელს...

- კანონში ამ მუხლის გაჩენამდე, რა გზა უნდა გაევლო უცხოელს საქართველოში დასაქმებისთვის?

- საქართველოში დასაქმებისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ორი გზა ჰქონდა ან უნდა აეღო საიმიგრაციო D1 ვიზა <D1 კატეგორიის ვიზა გაიცემა შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ პირებზე, კომპანიებისა და ფირმების წარმომადგენლებსა და კონსულტანტებზე, რომლებიც საქართველოში თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მოემგზავრებიან; უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში სამუშაოდ, გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე შემოდიან; “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ პირებზე> ან მიეღო შრომითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად. შრომითი მიგრაციის შესახებ შარშან შესული ცვლილებით კი, ნებისმიერ უცხოელს - მაგალითად, ინდოეთის ან პაკისტანის მოქალაქეს, რომელიც შემოდის ტურისტული ვიზით ანუ კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია, დასაქმდეს ადგილობრივ კომპანიაში.

- თუმცა რადგან კანონში წერია, რომ „ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების უფლება აქვს საქართველოში კანონიერად მყოფ უცხოელს“, ჩანაწერი - „კანონიერად მყოფი“ არაფერს ნიშნავს?

- უცხოელი კანონიერად მყოფად ითვლება ვიზის ვადის გასვლამდე და ამ პერიოდში თუ დასაქმდა ანუ ადგილობრივმა დამსაქმებელმა კონტრაქტი გაუფორმა, შემდეგ უკვე ვერ გაუშვებენ....

ამ თემასთან დაკავშირებით, BMG დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსაც დაუკავშირდა და უწყების განმარტების მიღებისთანავე, ინტერვიუს განვაახლებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები