მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლელო საქართველოსთვის" კითხვები გიორგი გახარიას

5ece3e575efa7
BM.GE
27.05.20 14:16
706
27 მაისს პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ლიდერებმა ანა ნაცვლიშვილმა და გიგლა მიქაუტაძემ ბრიფინგი გამართეს და შეკითხვები დაუსვეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშის წარსადგენად მივიდა.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოს პრემიერი, როგორც იქნა, მიდის საქართველოს პარლამენტში ანგარიშის ჩასაბარებლად. ორი თვის განმავლობაში უპრეცედენტო სტრესის პირობებში ცხოვრობდა ქვეყანა, ფაქტობრივად გაჩერდა ყველა სფერო, გახარია კი ერთხელაც არ მისულა საქართველოს პარლამენტში. მან უარი უთხრა არა მხოლოდ პარლამენტს, არამედ საქართველოს მოსახლეობას ანგარიშის ჩაბარებაზე.

„გახარიამ ამა წლის 9 აპრილს განაცხადა, რომ საქართველოს ივანიშვილის სახით ჰყავს უნიკალური დაზღვევა. ამით მან, ფაქტობრივად, გამოაცხადა, რომ სახელმწიფო არ არსებობს და რომ სახელმწიფოს ჩამნაცვლებელი არის ერთი ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი.

ჩემი კითხვები პრემიერ-მინისტრის მიმართ ასეთია:

1. გახარიას მიერ წარმოდგენილი ე.წ ანტიკრიზისული გეგმა, რომელმაც გამოტოვა ჩვენი ქვეყნის ათი ათასობით მოქალაქე და მათ ცხვირწინ მიუჯახუნა კარი, უთხრა, რომ ერთჯერად სამარცხვინო ღირსების შემლახავ დახმარებასაც კი არ მისცემს. ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? დამზღვევი ივანიშვილი თუ გახარია?
2. ვინ აიღებს პასუხისმგებლობას ათი ათასობით თვითდასაქმებულის, ათი ათასობით სამსახურის გარეშე დარჩენილი მოქალაქის წინაშე?!
3. გახარია იღებს პასუხიმგებლობას, თუ ივანიშვილი ათი ათასობით სოციალურად დაუცველის თუ ათი ათასობით ემიგრანტის ოჯახის წევრების წინაშე?!
საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ სიტუაცია, რომ მოქალაქეებს არ შეიძლება ჰქონდეთ არც სახელმწიფო ინსტიტუტების იმედი და არც ერთი კაცის დაზღვევის. ვინ გასცემს საქართველოს მოქალაქეებს პასუხს ამ სრულიად სამარცხვინო და მოღალატეობრივ პოზიციაზე, როდესაც მთავრობა უარს ეუბნება ადამიანებს ელემენტარულ დახმარებაზე?
გიგლა მიქაუტაძის განცხადებით, „ლელო საქართველოსთვის“ მხარი დაუჭირა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაში, რადგან „ლელო“ იმედოვნებდა, რომ მთავრობა საჭირო ანტიკრიზისულ გეგმას წარმოადგენდა. მიქაუტაძის განცხადებით, ფაქტობრივად, ქვეყნის მოსახლეობას ავუკრძალეთ მუშაობა და გადაადგილება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მთავრობას უნდა მიეცა მინიმალური დახმარება მაინც, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ბიზნესისთვის.
„1 თეთრი არ მიუღია დახმარების საჭიროების მქონე მოქალაქეს სოციალური დახმარების სახით მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში.
ანტიკრიზისული გეგმით სამიზნე ჯგუფის უმრავლესობა ვერ სარგებლობს დახმარებებით თეორიულადაც კი.
"ლელო საქართველოსთვის“ აქვს კითხვები შემდეგ სტატისტიკასა და კონკრეტულ ციფრებთან მიმართებაში.
1. მცირე მიწიანი ფერმერების დახმარების პროგრამით ვერ ისარგებლებს 570 000 გლეხიდან 370 000 - 65%
2. მიზნობრივ სოციალურ დახმარებას ვერ მიიღებს 475 000 სოციალურად დაუცველიდან 250 000 - 53%
3. უმუშევრობის ერთჯერად დახმარებას ვერ მიიღებს 840 000 თვითდასაქმებულიდან 740 000 - 88%
აღნიშნულის გათვალისწინებით, შეიძლება თუ არა ამ ვითომ დახმარების პროექტს ვუწოდოთ სერიოზული ანტიკრიზისული გეგმა?

კითხვა მაქვს ბიზნესთან დაკავშირებითაც. ის საკრედიტო საგარანტიო სქემა, რომელზეც ბატონი გახარია საუბრობს, ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო მასზე მუშაობა და 2019 წელს "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ამოქმედდა მთავრობის განცხადებით. აი, ამ სქემით აპირებს მთავრობა, დაეხმაროს ბიზნესს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ სქემას 1 ბენეფიციარიც არ ჰყოლია. არცერთ კომპანიას ამ საგარანტიო სქემით არ უსარგებლია. ეს არის უსიცოცხლო სქემა, რაც ვერ იქნება ბიზნესისთვის შეღავათი",  - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები