მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლელო საქართველოსთვის" ონის ჰესების კასკადთან დაკავშირებით მთავრობას მიმართავს

5ec3b27410339
BM.GE
19.05.20 14:15
1598
"ლელო საქართველოსთვის" ლიდერებმა ლანა გალდავამ, ჯოზეფ ალექსანდერ სმიტმა და თამარ შავგულიძემ პრესკონფერენცია გამართეს ონის ჰესების კასკადის საკითხთან დაკავშირებით.

ლანა გალდავას განცხადებით, „ლელო“ არ ეწინააღმდეგება მსხვილი ინფსრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, მაგრამ, ამავდროულად, უმნიშვნელოვანესია გარემოს დაცვა და მასზე მავნე ზემოქმედების აღმოფხვრა. მისი თქმით, საქართველო წყალუხვი, მაგრამ პატარა ქვეყანაა.

"შესაძლოა, ჩვენი მდინარეების უდიდესი ნაწილი იძლევა ჰესის მეშვეობით ელექტროენერგიის გამომუშავების შესაძლებლობას, მაგრამ არ შეიძლება ერთი სიკეთის მიღებას სრულად ეწირებოდეს ჩვენი ულამაზესი კუთხეების არსებობა და მომავალი. 21-ე საუკუნეში არ შეიძლება მალულად, ზედმიწევნითი გათვლების, ექსპერტიზისა და ფართო განხილვის გარეშე იქნას მიღებული მსგავსი გადაწყვეტილებები",- აცხადებს ის.

პოლიტიკური მოძრაობა ,,ლელო საქართველოსთვის” საგანგაშოდ მიიჩნევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ, ა.წ. 17 მარტს გაცემულ ბრძანებას ონის მუნიციპალიტეტში ჰესების კასკადის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ბრძანების (გულისხმობს ონის ჰესების კასკადის პროექტს, რომლის გამოც სოფელ გლოლადან სორამდე, მდინარე რიონი გვირაბებში უნდა მოაქციონ) გაცემა მოხდა საქართველოში კორონავირუსის მზარდი პანდემიის დროს, როდესაც ხელისუფლება ხალხს მოუწოდებდა სახლში დარჩენას, ხოლო რამდენიმე დღეში მთელს ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რომლის ძალითაც აიკრძალა შეკრებები. შესაბამისად, მოსახლეობას, დარგების სპეციალისტებს, გარემოსდაცვით ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო სექტორს მოესპოთ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა.

ლელოს ლიდერების განცხადებით, პოლიტიკურმა ორგანიზაციამ ,,ლელო საქართველოსთვის’’ შეისწავლა ონის ჰესების კასკადის შესახებ მინისტრის ბრძანება, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, "საიას", "მწვანე ალტენატივას", "ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის" (WWF) კავკასიის ოფისის დასკვნები. ასევე, ონის მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაციის საფუძველზე აღმოაჩინა შემდეგი სახის მოცემულობა:

მშენებლობის შემთხვევაში დაგეგმილია ათასობით ძირი უნიკალური და ენდემური ჯიშის ხის მოჭრა;

მშენებლობის ტერიტორიაზე მეწყერი აქტიურ დინამიკაშია;

მდინარე რიონი 21 კილომეტრზე გვირაბებში უნდა მოაქციონ;

მდინარის რეჟიმის ცვლილება ზრდის სტიქიური პროცესების საფრთხეს;

ზემოქმედების არეებზე, მათ შორის, ტყიან ტერიტორიებზე, პრაქტიკულად, შეუძლებელია ადრინდელი ბუნებრივი კორომების აღდგენა და შენარჩუნება იმ სახით, როგორც იყო მშენებლობამდე;

გვირაბების მშენებლობა დაგეგმილია ბურღვა-აფეთქების მეთოდით, რაც ზრდის გეოდინამიკური პროცესების გააქტიურების რისკებს განსაკუთრებით მაღალი სეისმურობით გამორჩეულ და მიწისძვრით მნიშვნელოვნად დაზარალებულ რაჭის რეგიონში. მაგალითისთვის, ძალურ კვანძზე წყლის მიწოდება მოხდება 12.5 კილომეტრის სიგრძის მიმყვანი გვირაბის საშუალებით, რომლის ძირითადი ნაწილის (სიგრძე - 11 978 მ. 5.26 მ. დიამეტრი) გაყვანა დაგეგმილია გვირაბგამყვანი მანქანით (TBM), ხოლო 508 მეტრი გაყვანილი იქნება ბურღვა-აფეთქების (D&B) მეთოდით;

მაღალია უწერას მინერალური წყლების წყაროების დაკარგვის საფრთხე და ტურიზმზე ნეგატიური ზემოქმედება;

საპროექტო ზონაში, ასევე პროექტის ზეგავლენის ქვეშ ექცევა ქალაქი ონი შემდეგი სოფლებით: სორი, კომანდელი, ხურუთი, ლაგვანთა, ნაკიეთი და გლოლა.

პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში მითითებულია, რომ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე პირდაპირი ზემოქმედება არ არის მოსალოდნელი. აღნიშნული დებულება ვერ ჩაითვლება ძეგლების უსაფრთხოების გარანტიად, ვინაიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და არქეოლოგიური ფენების დაზიანება არაპირდაპირი ზემოქმედებითაც სავსებით შესაძლებელია.

პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ გამოდის რა მოსაზრებიდან ,,მართებული ჰესი მართებულ ადგილზე’’, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ზემოაღნიშნულ მშენებლობასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, წარმოდგენილ იქნას გარემოზე ზემოქმედების შეფასების საერთაშორისო დასკვნა, დაიგეგმოს ადგილობრივ მოსახლეობასთან საკითხის დეტალური შესწავლა და რაჭის დაცული ტერიტორიები გამოცხადდეს ეროვნულ პარკად.

 NS