ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყორულდაშში დარიშხანის შემცველი ნარჩენების შეგროვებისა და სარკოფაგის მოწყობისთვის ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 825 849 ლარია.
ტენდერი 2025 წლის 12 მარტს გამოცხადდა, წინადადებების მიღება 28 მარტს დაიწყება და 2 აპრილს დასრულდება. პრეტენდენტმა მომსახურების გაწევის პერიოდში უნდა უზრუნველყოს ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტის ყოფნა, რომელსაც სამშენებლო ობიექტზე მუშაობის მიმართულებით არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება აქვს.
პროექტი მიზნად ისახავს ლენტეხის მუნიციპალიტეტში არსებული დარიშხანშემცველი ნარჩენების უსაფრთხო მართვას. პროექტის მესამე ეტაპი, რომელიც 53,000 კუბური მეტრის მოცულობის სარკოფაგის მშენებლობას, ნარჩენების შეგროვებას და განთავსებას გულისხმობს.
ლენტეხის მუნიციპალიტეტში დარიშხანის შემცველი მადნის გადამუშავებით წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ადგილებზე რთული ეკოლოგიური ვითარება გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან არსებობს. მას შემდეგ, რაც ტერიტორიაზე არსებული სამთო ქიმიური ქარხნები დაიხურა, ნარჩენები ღია ცის ქვეშ, ყოველგვარი კონტროლის გარეშე რჩებოდა.
"ყურილდაშის ტერიტორია მდებარეობს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცანადან ჩრდილოეთით ორ კილომეტრში. ამ ტერიტორიაზე 1992 წლამდე ფუნქციონირებდა დარიშხანის გადამმუშავებელი ქარხანა, მუშაობის შეწყვეტის შემდგომ ქარხანა დაინგრა და გაპარტახდა (დარჩა შენობების ნანგრევები და დარიშხანით დაბინძურებული ყოფილი ქარხნის ტერიტორია). გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2014 წლის 4 მაისს ჩაატარა ცანა-3 ყორულდაშის ტერიტორიაზე დარიშხანით დაბინძურების ლაბორატორიული კვლევები, აღებული იქნა სინჯები, კვლევების საფუძველზე დადგინდა დარიშხანის ნარჩენების მდებარეობა და რაოდენობა #1 ცხრილი გვიჩვენებს, რომ დარიშხანის კონცენტრაცია შერჩეული ნიმუშების აღების ადგილებზე მერყეობს 723 მგ/კგ-დან 14625მგ/კგ-ს შორის,"- ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.
პროექტის პირველი ორი ფაზა უკვე დასრულებულია. ამ დრომდე მოეწყო ტერიტორიის იზოლაცია, ნაპირდაცვითი, სალექარი და წყალგამყვანი არხები.