„თბილისის განვითარების ფონდი“ სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობების რეაბილიტაციას იწყებს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სამუშაოები 17 აპრილიდან დაიწყება, ხოლო პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება.
"სატენდერო პროცედურები უკვე დასრულებულია და გამოვლენილია ოთხი გამარჯვებული კომპანია, რომლებიც სამუშაოებს სხვადასხვა მიმართულებით, დათქმულ ვადებში განახორციელებენ. პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება და მოიცავს როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ისე შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციას”, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებზე ქაოსურად განთავსებული და ამორტიზებული საინჟინრო კომუნიკაციები მოწესრიგდება, რაც გულისხმობს აღნიშნულ არეალში მიწისქვეშა სისტემებისა და მიწისზედა კომუნიკაციების სრულ რეაბილიტაციას.
„რაც შეეხება სამუშაოების მეორე ეტაპს, აღნიშნულ ქუჩებზე მდებარე 21 შენობა-ნაგებობის სრული რეაბილიტაცია-რესტავრაცია განხორციელდება, რისთვისაც, დაახლოებით, 120 მლნ ლარამდე დაიხარჯება. რეაბილიტაციის აღნიშნული ეტაპი მწვავედ ავარიული შენობების აღდგენას, საძირკვლისა და კედლების გამაგრებას, გადახურვის შეცვლას, ხის კონსტრუქციების და ნაკეთობების რესტავრაცია-შენარჩუნებას, შიდა ეზოების კეთილმოწყობას, ისტორიული სადარბაზოების რესტავრაციას, დეკორატიული ნაჭედი ლითონის ჭიშკრების დამზადებასა და ავთენტური არქიტექტურული ელემენტების აღდგენას გულისხმობს.
მათგან რვა შენობა სულხან-საბას ქუჩაზე, ხოლო დანარჩენი 13 ნაგებობა ინგოროყვას ქუჩაზე მდებარეობს. სამშენებლო მოცულობა 45 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, რის შედეგადაც საცხოვრებელი პირობები 450-მდე ოჯახს გაუუმჯობესდება”, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, 18 აპრილიდან მიმდებარე ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება.
„პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ისტორიული კოშკის რესტავრაცია-რეაბილიტაცია, რაც განსაკუთრებულ ყურადღებასა და სპეციალურ მიდგომას საჭიროებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ქალაქში არაერთი შენობა-ნაგებობა გვაქვს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი ავარიულ მდგომრეობაშია, თუმცა ჩვენი პროგრამებით მივყვებით და ეტაპობივრად სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვახორციელებთ. დაგეგმილი სამუშაოების გამო, 18 აპრილიდან გიორგი ლეონიძისა და სულხან-საბას ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას უახლოეს დღეებში მივაწვდით”, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოები მოიცავს როგორც შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო პროცესებს, ასევე კომუნიკაციების მოწესრიგებას. პროექტების განხორციელების ვადა ძირითადად 18 თვემდეა გათვალისწინებული, ხოლო ინდივიდუალურ შემთხვევაში – 6 თვემდე.
პროექტების აღწერილობა და გაფორმებული კონტრაქტები ასე ნაწილდება:
- ქ. თბილისში, პავლე ინგოროყვას N7 (კოშკი), პავლე ინგოროყვას N12 და პავლე ინგოროყვას N14-ში არსებული შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები — 7,026,425 ლარი, კომპანია "იუკონი და კომპანია".
- ქ. თბილისში, პავლე ინგოროყვას N18 და პავლე ინგოროყვას N20-ში არსებული შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები — 12,428,941 ლარი, კომპანია "ბილდკინგს".
- ქ. თბილისში, პავლე ინგოროყვას N8, პავლე ინგოროყვას N10 და პეტრე ჩაიკოვსკის N2-ში არსებული შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები — 17,657,796 ლარი, კომპანია "ბილდკინგს".
- ქ. თბილისში, პავლე ინგოროყვას N3 და პავლე ინგოროყვას N6-ში არსებული შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები — 12,377,777 ლარი, კომპანია "საბა კონსტრაქშენ".
- ქ. თბილისში, სულხან-საბას N4 და სულხან-საბას N6-ში არსებული შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები — 12,077,777 ლარი, კომპანია "საბა კონსტრაქშენ".
- ქ. თბილისში, სულხან-საბას N5, სულხან-საბას N7 და სულხან-საბას N9-ში არსებული შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები — 14,577,777 ლარი, კომპანია "საბა კონსტრაქშენ".
- ქ. თბილისში, სულხან-საბას N2/გ. ლეონიძის N7-ში არსებული შენობა-ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოები — 11,577,777 ლარი, კომპანია "საბა კონსტრაქშენ".
ამასთან, ხელახლა გამოცხადდა ტენდერი ლოტზე:
- ქ. თბილისში, პავლე ინგოროყვას N1/გ. ლეონიძის N9, პავლე ინგოროყვას N2/გ. ლეონიძის N11 და პავლე ინგოროყვას N4-ში არსებული შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები — 18,620,066 ლარი.




























