2021 წელს საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა რეკორდულად მაღალი ინფლაცია იყო. გაზრდილი ინფლაციის შესაკავებლად ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 10.5%-მდე გაზარდა, რაც დამატებითი წნეხი აღმოჩნდა ეკონომიკისთვის და მსესხებლებისთვის. სებ-ის 2022 წლის პროგნოზით მომდევნო წელს, ინფლაცია 7%-მდე შემცირდება.
გადაცემა “ანალიტიკაში” PMCG-ის დამფუძნებელმა, ლექსო ალექსიშვილმა მაღალი ინფლაციის გამომწვევი მიზეზების შესახებ ისაუბრა. მისი განმარტებით, ინფლაციის წამყვანი მიზეზები მსოფლიოს ბაზრებზე შექმნილი მდგომარეობა და მაღალი საბიუჯეტო დეფიციტია.
“ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდა, რაც ძალიან კარგია, გვაქვს პოზიტიური მოლოდინები, რაც ძალიან კარგია, მაგრამ გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა და მათ სწორი პასუხი სჭირდება. 2021 წელი იყო ინფლაციური წელი და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა. ბუნებრივია, მას ჰქონდა გარკვეული ობიექტური წინაპირობები, მაგრამ ამავე დროს იყო სუფთა ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით გამოწვეული პირობები, რომელიც იყო ის, რომ ერთი მხრივ, გვქონდა ბიუჯეტში მაღალი დეფიციტი, მეორე მხრივ კი, მონეტარული პოლიტიკა იყო გამკაცრებული. თავად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა იყო იმისთვის, რათა შეგვენარჩუნებინა ინფლაცია, თუმცა ეს მაინც ვერ მოვახერხეთ,” - ამბობს ლექსო ალექსიშვილი.
23 დეკემბერს ეროვნულმა ბანკმა განახლებული მაკროეკონომიკური სცენარები გამოაქვეყნა. უწყების შეფასებით, 2022 წელს რეფინანსირების განაკვეთი 2 პროცენტული პუნქტით, 8.5%-მდე შემცირდება. 2023 წლისთვის კი სებ-ი 5%-იან ინფლაციას მოელის, ხოლო რეფინანსირების განაკვეთი, დამატებით 7%-მდე შემცირდება.
2022 წლის ბიუჯეტი 4.2%-იან დეფიციტზე არის დაგეგმილი, თუმცა პანდემიური კრიზისის გამო, როგორც 2021 წლის ასევე 2020 წელს დეფიციტი განსაკუთრებულად მაღალი იყო. შარშან დეფიციტმა რეკორდულ 9.4%-ს მიაღწია, წელს კი 6.7%-მდე შემცირდა. მაღალი დეფიციტით ბიუჯეტის დაფინანსებას აქვს უკუჩვენება და ის ინფლაციაში გამოისახება.




























