„ქართული ოცნების“ მთავრობის პირველი ვიცეპრემიერისთვის III კვარტალში, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 55%-ით შემცირება „ძალიან ლოგიკურია“.
ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა, რომ საარჩევნო წელს FDI-ის კლება „საპოლემიკო არაა“.
“ინვესტიციებთან დაკავშირებით შეფასებებს ჩვენ წლის ჭრილში გავაკეთებთ. 2024 წელი იყო საარჩევნო წელი, არაორდინარული წელი, თუმცა მაინც გვქონდა მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ბიზნესაქტივობა. გვესმის, რომ საერთაშორისო ანუ უცხოური ინვესტიციების კუთხით იყოს შემცირება. ვფიქრობ, ეს ძალიან ლოგიკურია და არაა საპოლემიკო [თემა]. როცა ვინმე უცხო ქვეყანაში ახდენს ინვესტირებას, ის ელოდება უფრო სტაბილურ გარემოს. არჩევნების წინ უცხოელი ინვესტორების ქცევა განსხვავდება შიდა ინვესტორების ქცევისგან, რადგან ბიზნესი, რომელიც წლების განმავლობაშია ქვეყანაში წარმოდგენილი, მათთვის უფრო პროგნოზირებადია ეს გარემო, ვიდრე უცხოელი ინვესტორებისთვის, ამიტომ მესამე კვარტალის ინვესტიციების ცვლილება [კლება] ლოგიკურად ახსნადია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, „ქართული ოცნების“ მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერიც აღიარებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ინვესტორების მიერ საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების სიჩქარეზე გავლენას ახდენს, მაგრამ მისი ინფორმაციით, არცერთი ძალიან მსხვილი საინვესტიციო პროექტი არ გაუქმებულა.
ამასთან, ლევან დავითაშვილი არც იმას უარყოფს, რომ „ოცნების“ ხელისუფლების წევრების სანქცირება ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებაზე ნეგატიურად აისახება, მაგრამ ირწმუნება, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობით „ოცნება“ ამ პრობლემას მოაგვარებს.




























