მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლევან იოსელიანი "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში დანიშნულ მომხსენებელს შეხვდა

ეუთო

დღეს, 17 თებერვალს, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში დანიშნულ მომხსენებელს, პატრიცია გრჟებკის შეხვდა - ინფორმაციას თავად ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა 2024 წლის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით განხორციელებულ ზედამხედველობაზე, მათი დაკავების, განთავსების პირობებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის საკითხზე ისაუბრა.

ასევე, განიხილა შეკრება-მანიფესტაციის უფლების მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები და სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელები.

იოსელიანმა ეუთოს მომხსენებელს აქციაში მონაწილეთა სისხლის სამართლის საქმეებზე შემუშავებული სასამართლო მეგობრის მოსაზრებები და ის ღონისძიებები გააცნო, რომლებსაც საქართველოს სახალხო დამცველი თავისი მანდატის ფარგლებში ახორციელებს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე.

საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული შეშფოთების შემდეგ, ეუთოს "მოსკოვის მექანიზმი" 11 თებერვლიდან ოფიციალურად ამოქმედდა და ექსპერტთა მისიამ მუშაობა დაიწყო.

აღნიშნული მექანიზმი ეუთოს 23-მა სახელმწიფომ 2026 წლის 29 იანვარს აამოქმედა, რათა "შეაფასონ საქართველოს მიერ ეუთოს ვალდებულებების შესრულება, 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებულ მოვლენებზე განსაკუთრებული ფოკუსირებით".

"მოსკოვის მექანიზმი" - რა არის და ვის წინააღმდეგ გამოუყენებია ის ეუთოს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები