"ძალიან ვღელავ თქვენ გამო, იმიტომ, რომ ვერ აცნობიერებთ იმ პრობლემებს, რომელიც თქვენ გექმნებათ, ექმნება თქვენ გარშემო ადამიანებს და ამ დღეების განმავლობაში, 45-50 დღეა ყველა ზღვარს გადახვედით“, - ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებს.
მისი თქმით, კანონპროექტით მმართველმა პარტიამ მუჭი მოუღერა სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს.
„დაგავიწყდათ, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია? დაგავიწყდათ, რომ ჩვენ მთავარ მტერს, პუტინს ერთი სული აქვს საქართველო გადააქციოს რუსეთის გუბერნიად და თქვენ მას ხელს უწყობთ ამ კანონით. ამით უარს ამბობთ ევროკავშირზე, კარებში ეჩხირებით ქართველ ხალხსა და ევროკავშირს შორის, რომლითაც მილიონობით დოლარის ზარალს მიაყენებთ საქართველოს მოქალაქეებს. ამიტომ ძალიან გამიხარდება თუ ვეტოს არ დაძლევთ და ქართველ ხალხს არჩევნებზე მისცემთ შესაძლებლობას, გადაწყვიტოს საქართველოს სახელმწიფოს ბედი“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "რუსულ კანონზე" საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურა გაიმართება. მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ვეტო დაიძლევა.