საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში, გადაცემაში "სპორტი იმედზე", ლევან მაისაშვილის მხრიდან რაგბის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.
სოსო ტყემალაძის თქმით, ახალი მწვრთნელის შესახებ საუბრები მსოფლიო ჩემპიონატამდეც იყო. მისი ინფორმაციით, ლევან მაისაშვილი პირველ ქართულ პროფესიონალურ კლუბ "შავი ლომსაც" აღარ გაწვრთნის.
"მაისაშვილს მადლობა უნდა გადავუხადო, რადგან ჩვენი ნაკრების ისტორიაში ასეთი შედეგები არავის ჰქონია - იტალიისა და უელსის დამარცხება სასწაული იყო. როცა გუნდს დროებითი მწვრთნელის სტატუსით უძღვებოდა, დასახული გეგმები 500%-ით შეასრულა. არანაირი უფლება არ გვქონდა, რომ მსოფლიოს თასზე გუნდის წაყვანის საშუალება არ მიგვეცა. ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მიზნად დასახული ორი შეხვედრის მოგება გვქონდა, თუმცა ტურნირზე გამოსვლის მიუხედავად მისი ნაკრებიდან წასვლა განიხილებოდა. ამ პოსტის დატოვება არ ნიშნავს, რომ მაისაშვილი ქართულ რაგბს დატოვებს. ჩვენ მას უახლოეს მომავალში ძალიან კარგი წინადადებით მივმართავთ," - თქვა ტყემალაძემ.
რაგბის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოზიციიდან ლევან მაისაშვილის წასვლის შესახებ განცხადება საქართველოს რაგბის კავშირის გვერდზეც გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნუალი, რომ
ლევან მაისაშვილმა, თითქმის ოთხი წლის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობა დაასრულა. მისი შემცვლელის ძებნა მიმდინარეობს და ლევანი თანახმაა, ახალი მწვრთნელის შერჩევამდე მოვალეობის შესრულება განაგრძოს.
ლევან მაისაშვილი კი აცხადებს, რომ ამ პოზიციის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო.
"მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებლობის ანალიზის შედეგად მთავარი მწვრთნელის პოზიციის დატოვება გადავწყვიტე. გასული 4 წელი უმნიშვნელოვანესი იყო და მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები ჩემი გუნდის – მათი თავდაუზოგავი შრომისა და თავგანწირვისთვის. ვამაყობ იმით, რასაც ერთად მივაღწიეთ. მჯერა, რომ ჩვენი პროგრესი თვალსაჩინოა და მომავალი კიდევ უფრო ნათელია რადგან ჩვენს 20 და 18 წლამდე ნაკრებებში მოდიან ახალგაზრდა თაობის გამორჩეულად ნიჭიერი მოთამაშეები. მინდა მადლობა გადავუხადო სოსო ტყემალაძეს და რაგბის კავშირის გამგეობას ჩემ მიმართ გამოხატული ნდობისთვის. მადლობა ქართულ სარაგბო კლუბებს, მათი მხარდაჭერისთვის და ეროვნული ნაკრების განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. მადლობა ქართველ გულშემატკივარს – ისინი ყველგან და ყოველთვის ჩვენს გვერდით იყვნენ", - განაცხადა მაისაშვილმა.
შეგახსენებთ, 2016-2019 წლებში ლევან მაისაშვილი "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელის, მილტონ ჰეიგის ასისტენტი იყო, 2020 წელს კი "ბორჯღალოსნების" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით საქართველომ 40 თამაში ჩაატარა, საიდანაც 24 მოიგო, სამი ფრედ დაასრულა და 13 დათმო.
2021 წლიდან ლევან მაისაშვილმა პირველი ქართული პროფესიონალური კლუბი "შავი ლომიც" ჩაიბარა, რომელიც ნაკრების საბაზო გუნდია და მასთან ერთად რაგბი ევროპის სუპერ თასი ორჯერ მოიგო. ქართულმა ფრანჩაიზმა 2022 წელს ითამაშა სამხრეთ აფრიკის შიდა ჩემპიონატში – ქარი ქაფში, სადაც 5 თამაში მოიგო და ორი დათმო, წელს კი სამხრეთ ამერიკულ ტურნეზე იმყოფებოდა და სამხრეთულ ფრენჩაიზებს კონკურსს გარეშე ეთამაშა.
ცნობისთვის, "შავი ლომი" ნოემბერ-დეკემბერში რაგბი ევროპის სუპერ თასის ზედიზედ მესამედ მოგებას ეცდება, რის შემდეგაც ისტორიაში პირველად ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირში, ჩელენჯ თასში ჩაერთვება.