საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. უწყების თანახმად, შეხვედრა სახელმწიფო საწარმოების რეფორმას უკავშირდებოდა და მასზე ჟორჟოლიანმა ფონდს მიაწოდა ინფორმაცია იმ ნაბიჯებზე, რაც ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით სახელმწიფო საწარმოებში განხორციელდა.
საუბარია მსხვილი კომპანიების უმეტესობაში ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს დანიშნული ჩინოსნების გათავისუფლებაზე, ასევე საშტატო ოპტიმიზაციებზე.
ლევან ჟორჟოლიანმა ამ შეხვედრაზეც განაცხადა, რომ ამ ოპტიმიზაციით საერთო ჯამში 52 მილიონ ლარზე მეტი დაიზოგა, თუმცა უცნობია რომელ კომპანიებზეა საუბარი, რამდენი ადამიანი გათავისუფლდა და რა იყო ამ პირების ხელფასები.
ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების შედეგების გაუმჯობესებას 2028 წლისთვის ელოდება.
"შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეფორმის მიზანია, სახელმწიფო საწარმოები დოტაციაზე ყოფნის ნაცვლად იყვნენ მოგებიანი და ფული შეიტანონ ბიუჯეტში, გაიმართოს მენეჯმენტი და გაძლიერდეს სამეთვალყურეო საბჭოები. ასევე მნიშვნელოვანია, სახელმწიფო საწარმოები არ შედიოდნენ კონკურენციაში კერძო სექტორთან, რაც უზრუნველყოფს მათი საქმიანობის მეტ ეფექტურობას და სამი წლის შემდეგ - 2028 წლისთვის, ხელშესახებ შედეგებს მოიტანს.
შეხვედრას სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ნატალი მანუილოვა, ფისკალური რისკების მართვის საკითხებში რეგიონული მრჩეველი იანიკ ველი, ფისკალური საკითხების დეპარტამენტის მოკლევადიანი ექსპერტი ევრილ ჰალსტედი და ფისკალური საკითხების დეპარტამენტის მოკლევადიანი ექსპერტი სორანა ბაჩუ დაესწრნენ", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ თავად სახელმწიფო საწარმოების რეფორმა უკვე არაერთი წელია გადავადებით მიმდინარეობს და რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილებით ის კიდევ გადავადდა.
საქმე ისაა, რომ საქართველომ IMF-ის წინა პროგრამით სახელმწიფო საწარმოების რეფორმის განხორციელების ვალდებულება აიღო, რაც სახელმწიფო საწარმოების სტრუქტურული კლასიფიკაციის ცვლილებას მოიცავდა. კერძოდ კანონმდებლობით დადგინდა, რომ სხვადასხვა იურიდიულ სტატუსს მიიღებენ სახელმწიფო კორპორაციები - ანუ მსხვილი სახელმწიფო შპს-ები, რომელთაც დამოუკიდებლად კომერციულად ოპერირების შესაძლებლობა გააჩნიათ. ამასთან, გაჩნდა სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების ცნება. ეს არის სახელმწიფოს და მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული კომპანიები, რომლებიც ძირითადად მუნიციპალური და ჯანდაცვის სერვისების მიწოდებით არიან დაკავებული. სახელმწიფო საწარმოების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება. ეს საწარმოები ფინანსთა სამინისტროს მხრიდან კონტროლისა და მმართველობის გაუმჯობესების მიზნით ცენტრალური ბიუჯეტის მომსახურებაზე უნდა გადასულიყვნენ.
2023 წლის ივლისში გამოცემული ბრძანების მიხედვით, 2025 წლის 1 ივლისამდე არანაკლებ 160 სახელმწიფო კომპანია სახაზინო მომსახურებაზე უნდა გადასულიყო, თუმცა ახალი ბრძანებით განისაზღვრა ახალი ვადა - 2026 წლის 1 იანვრამდე სახაზინო მომსახურებაზე არანაკლებ 90 სახელმწიფო საწარმო უნდა გადავიდეს.
ამასთან, ყველა ასეთი საწარმოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახაზინო მომსახურებაზე გადასვლის საბოლოო ვადად 2027 წლის 1 იანვარი განისაზღვრა. შესაბამისად, სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის აღნიშნული კომპონენტი 2027 წლის 1 იანვრამდე გადავადდა.
მთლიანობაში სახელმწიფო კომპანიებს შორის 52 მიეკუთვნება სახელმწიფო კორპორაციების სექტორს, ხოლო 325 საწარმო კი სამთავრობო სექტორს. სწორედ მათ სახაზინო მომსახურებაზე გადაყვანის გადავადებას შეეხება ფინანსთა მინისტრის ახალი ბრძანება.




























