"ოცნების" მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელ ენდრიუ ჯუველს შეხვდა - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია აქვეყნებს.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო IMF-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებსა და სახელმწიფო საწარმოების რეფორას.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, დაწყებულია ოპტიმიზაციის პროცესი ენერგეტიკულ კომპანიებსა და საქართველოს რკინიგზაში, რომლის შედეგადაც უკვე რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაიზოგა.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ასევე სახელმწიფო საწარმოებში შესყიდვების საკითხის მოწესრიგებას და ამ კუთხით მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს,"- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სექტემბერში ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაცია მიმდინარეობს და დაზოგილი თანხები 700 მილიონამდეა. მისი თქმით, განსაკუთრებულად დიდი თანხები ენერგეტიკის სექტორის სახელმწიფო კომპანიებში დაიზოგა. თუმცა, ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არავითარი ოფიციალური დოკუმენტი რომელიც დაზოგილ ხარჯებს, თუ მიღებულ ეკონომიკას აჩვენებდა არ გამოქვეყნებულა და ამ მიმართულებით მხოლოდ კომენტარები არსებობს და მათი გადამოწმება რთულია.




























