ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა იწყება, ორდღიან შეხვედრაზე 27 ქვეყნის ლიდერმა გაფართოების, უკრაინასა და მოლდოვისთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უნდა ისაუბროს. განსახილველ საკითხთა შორისაა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მაკრო-ფინანსური დახმარების გაწევა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისიც.
სხდომის დაწყების წინ, ლიეტუვის პრეზიდენტს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ჰკითხეს, რაზეც მან უპასუხა:
“ჩემმა ქართველმა მეგობრებმა ნამდვილად ბევრი გააკეთეს რეფორმების განსახორციელებლად. დიახ, ყოველთვის არსებობს გარკვეული საკითხები, რომელთა განხილვაც მომავალში უნდა მოხდეს, მაგრამ სწორედ ახლა, ჩვენ გვაქვს პოლიტიკური სიტუაცია, როდესაც შეგვიძლია მივიღოთ გადაწყვეტილებები და ეს გადაწყვეტილებები არა მხოლოდ უკრაინისა და მოლდოვას, არამედ საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით”, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.
უკრაინასთან მიმართებით კი გიტანას ნაუსედა აღნიშნავს, რომ უკრაინა და მოლდოვა იმსახურებენ გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნას. დღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა მხარს არ უჭერს უკრაინისთვის გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნას, რადგანაც ქვეყანას ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 7 წინაპირობიდან 3 წინაპირობაზე პროგრესი არ უჩვენებია.
“ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ისტორიული შანსი, მივიღოთ ძალიან კარგი გადაწყვეტილება უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. ეს ჩვენს ხელშია, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ, ან დავკარგოთ. ჩემი ქვეყნის პოზიცია ძალიან მყარია, თქვენ იცით, რომ ჩვენ ამას თავიდანვე ვუჭერთ მხარს და ვთვლი, რომ ამას იმსახურებს უკრაინელი და მოლდაველი ხალხი, რადგან ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად მათ ბევრი რამ გააკეთეს. ისინი იმსახურებენ პოზიტიურ შედეგს“, - ამბობს გიტანას ნაუსედა.
ევროპული საბჭოს ლიდერთა სხდომა 14-15 დეკემბერს იმართება.