მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის პრეზიდენტები საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსვლას განიხილავენ

ლიეტუვა

ბალტიის ქვეყნების პრეზიდენტთა გაერთიანებულ პრესკონფერენციაზე ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ საქართველოს შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის პრეზიდენტები საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსვლას განიხილავენ.

ნაუსედას თქმით, სამი ქვეყნის პრეზიდენტი ასევე მხარს უჭერს ევროკავშირის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებას.

"ვგმობთ აქტივისტებზე გადაჭარბებული ძალის გამოყენებას. ეს არის მიზეზი, რის გამოც ბალტიის ქვეყნებმა აამოქმედეს სანქციები პასუხისმგებელი პირების ნაწილის წინააღმდეგ. დიახ, განვიხილავთ საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობას დეკემბერში. ეს შესაძლებლობა ღიაა და მას ასევე განვიხილავთ [პოლონეთის] პრეზიდენტ დუდასთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთ აზრზე ვიყოთ. ვფიქრობ, რაც უფრო ერთიანები ვიქნებით საქართველოსადმი მიდგომაზე - არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნები, არამედ მთელი ევროკავშირი, - მით უფრო ეფექტურად შევძლებთ ევროპის პოლიტიკის გატარებას. ეს არის მიზეზი, რის გამოც მხარს ვუჭერ სანქციებს, რომლებიც საქართველოს შეიძლება ევროკავშირმა დაუწესოს, თუმცა აღსრულებაც მნიშვნელოვანია", - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

ნაუსედამ პრესკონფერენციაზე საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობა 2008 წლის აგვისტოს ომს შეადარა და აღნიშნა, რომ თუ მაშინ საზოგადოება რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანდა, დღეს ისინი ორად არიან გაყოფილი.

"მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოში ამჟამინდელი სიტუაცია ძირეულად განსხვავდება 2008 წლისგან. 2008 წელს რუსეთი შეიჭრა ქვეყანაში და მისი ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა, მაშინ ქართველი საზოგადოება გაერთიანდა ოკუპანტის და აგრესორის წინააღმდეგ, დღეს ვხედავთ, რომ საზოგადოება ორადაა გაყოფილი. ვგმობთ საქართველოს ოფიციალური პირების ნაწილის ბოლოდროინდელ რიტორიკას ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. ევროინტეგრაცია მათი ქვეყნის კონსტიტუციაშია ინტეგრირებული, შესაბამისად ეს ანტიკონსტიტუციურია, ეს ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოა და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გაუგებარია ბალტიის ქვეყნებისთვის, პოლონეთისთვის და სრულად ევროკავშირისთვის", - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

1 დეკემბერს ბალტიის სამი სახელმწიფო ერთობლივად შეთანხმდა ეროვნული სანქციების დაწესებაზე მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში ლეგიტიმური პროტესტს თრგუნავს. ადამიანთა უფლებების დარღვევის გამო, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ბიძინა ივანიშვილს, ვახტანგ გომელაურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს 9 მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები