მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ლიმონის" დამფუძნებელ გიორგი ოკმელაშვილს, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

დაკავება

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებულ სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელ გიორგი ოკმელაშვილს, რომელსაც პოლიციელზე, თავდასხმას ედება ბრალად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამოაცხადა.

დაცვის მხარე ბრალდებულისთვის 20-ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ დაცვის მხარის პოზიცია არ გაითვალისწინა. დაკავებულის ადვოკატის თქმით, ბრალდებული პოლიციელს თავს არ დასხმია და კადრებში ნაჩვენები ფაქტები თავდაცვას ასახავს.

სხდომაზევე გაცხადდა, რომ ბრალდებულის სახლიდან ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერებაც.

გამოძიების ინფორმაციით, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, იდაყვის დარტყმით პოლიციის თანამშრომელს სახის არეში დაზიანებები მიაყენა.

უწყების ცნობით, ოკმელაშვილი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის ძალადობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვისაა ნასამართლევი.

ოკმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები