დღეს ლიტერატურის დარგში 2024 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი დასახელდა. პრემია 53 წლის სამხრეთ კორეელმა მწერალმა ჰან კანგმა მიიღო „მისი ინტენსიური პოეტური პროზისთვის, რომელიც უპირისპირდება ისტორიულ ტრავმებს და ავლენს ადამიანთა ცხოვრების სისუსტეს“.
მწერლობის პარალელურად, მან თავი ასევე ხელოვნებას და მუსიკას მიუძღვნა, რაც ასახულია მთელ მის ლიტერატურულ შემოქმედებაში. ჰან კანგმა კარიერა 1993 წელს დაიწყო ჟურნალში მრავალი ლექსის გამოქვეყნებით. მისი პროზაული დებიუტი შედგა 1995 წელს მოთხრობების კრებულით, რასაც მალევე მოჰყვა რამდენიმე სხვა პროზაული ნაწარმოები, როგორც ნოველები, ასევე მოთხრობები. მისი ცნობილი ნამუშევრებია: "ვეგეტარიანელი", "თეთრი წიგნი", "ადამიანური მოქმედებები" და "ბერძნული გაკვეთილები".
ჰანი პირველი სამხრეთკორეელი ავტორია, რომელმაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მოიპოვა. ამასთან, მე-18 ქალია 1901 წლიდან ლიტერატურის დარგში დაჯილდოებულ 117 ლაურეატს შორის.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში ნობელის პრემია ვიქტორ ამბროსსა და გარი რუვკუნს გადაეცათ. 8 ოქტომბერს ჯონ ჰოპფილდმა და ჯეფრი ჰინტონმა ფიზიკის დარგში ნობელის პრემია მიიღეს. 9 ოქტომბერს კი ნობელის პრემია ქიმიის დარგში გადაეცა სამ მეცნიერს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ხელოვნური ინტელექტის საშუალებით პროტეინის “კოდის გატეხაზე”.