გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია რაჭის ტყეებთან დაკავშირებით დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებს. შამუგიას თქმით, რაჭაში 2022 წელს, ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიაზე HG Capra Caucasica-ზე გაცემული ლიცენზია პირობების შეუსრულებლობის გამო მიმდინარე თვის ბოლომდე გაუქმდება. ოთარ შამუგია განმარტავს, რომ აღნიშნულ ტერიტორიებზე ახალი დაცული ტერიტორიის განვითარება იგეგმება.
ოთარ შამუგია საუბრობს, რომ HG Capra Caucasica-მ ადგილობრივ მოსახლეობასთან აუცილებელი კომუნიკაცია არ გამართა, ამასთან მინისტრის თქმით, ამ პროექტთან დაკავშირებით ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაციები, თითქოს ტერიტორიის სალიცენზიოდ გადაცემა გულისხმობდა ტყის ვიზიტორებისთვის დახურვას, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
“ტყე ნამდვილად არ გაყიდულა და ტყის გაყიდვა არსებული კანონმდებლობით არ არის შესაძლებელი. მე მინდა ცოტა უფრო დეტალურად ლიცენზიაზეც ვისაუბრო. გეტყვით რა ვალდებულებებსა უფლებამოსილებებს მოიცავს.
კომპანია, რომელზეც ლიცენზია გაიცა, მას უფლება მიეცა ამ ტერიტორიაზე მოეწყო სამონადირეო მეურნეობა. ასევე მას თან გაჰყვა მთელი რიგი ვალდებულებები, რომ განეხორციელებინა არანაკლებ 5 მილიონი ლარის ინვესტიციები, ამ პროცესში დასაქმებული ადამიანების არანაკლებ 80% უნდა ყოფილიყო. მას ხელი არ უნდა შეეშალა სხვებისთვის ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის, ტურისტული დასვენების თუ სხვა მიზნით. ასევე ლიცენზიაში გაწერილია რომ სოციალური ჭრის მიმართულებით მას ხელი არ უნდა შეეშალა საშეშე მერქნის მოპოვებისთვის ასევე მას ჰქონდა ვალდებულება ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად და სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად შეედგინა მართვის გეგმა და ეს პროცესი მას წარემართა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, რათა დაგეგმვის პროცესში ჩართული ყოფილიყო ადგილობრივი მოსახლეობა და გათვალისწინებული ყოფილიყო მათი ინტერესები.
ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, რომ შეიქმნას დაცული ტერიტორიები და უშუალოდ მოსახლეობასთან ერთად, ასევე სპეციალისტებისა და ექსპერტების ჩართულობით დაწყებულია კვლევები, რათა შეიქმნას ისეთი დაცული ტერიტორია, რომელიც ყველაზე მეტად იქნება მორგებული ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებთან და დაიცავს იმ უნიკალურ ბუნებას, რომელიც რაჭაში გვაქვს.
ანუ როგორც გითხარით, მაისიდან დაიწყო ეს პროცესი, შემდეგ ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვიწყებდით პროცედურას ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით და გარემოს ეროვნულ სააგენტოს დაწყებული აქვს ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, გარემოს ეროვნული სააგენტო გადაწყვეტილებას არაუგვიანეს თვის ბოლოს მიიღებს.
ვხედავთ ესკალაციას, რომ ხალხი ამ ამინდში, სიცივეში ათენებს ღამეს და გამოდის ქუჩაში, თუმცა კიდევ ერთხელ ვაცხადებ რომ მათ ეს სრული ინფორმაცია მიწოდებული აქვთ წერილობით. მე მინდა, რომ დღეს ვინც ამ პროტესტის მონაწილეა, ვუთხრა - დაუბრუნდით საკუთარ ოჯახებს და პირობას გაძლევთ, რომ ეს გადაწყვეტილება თვის ბოლომდე იქნება მიღებული”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
15 ნოემბერს კომპანია HG Capra Caucasica-ს დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა BMG-ის წერილობით აცნობა, რომ მან რაჭის ტყის სამონადირეო მეურნეობის განვითარების პროექტი დატოვა. დავით ხიდაშელის განცხადებით, თუკი მისი ინვესტიციებისთვის საქართველო არ არის მზად, მას პროექტების სხვა ქვეყნებში განხორციელება შეუძლია.
“თუ არ აინტერესებთ ჩემი ინვესტიციები, კარგად იყვნენ უჩემოდ. სხვა ბევრი ქვეყანა მელოდება ხელგაშლილი ინვესტიციებისთვის და დრო აჩვენებს ყველას, რომ არც კრემლთან და არც ქართულ ოცნებასთან არ ვარ დაახლოებული”, - წერილობით პასუხობს დავით ხიდაშელი bm.ge-ის.
ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებულ კომპანიას გასულ წელს სახელმწიფომ 104,712 ჰექტარი ტყის ფართობი 49 წლის ვადით სამონადირეო მეურნეობის განვითარებისთვის პირობიანი აუქციონის გზით გადასცა. აუქციონში ხიდაშელის კომპანიის მიერ დაფიქსირებული ფასი 1 151 832 ლარს შეადგენდა. კომპანიამ კონკურსში გამარჯვებით აიღო ვალდებულება პროექტის განვითარებაში მომდევნო 5 წლის განმავლობაში 5 მილიონი ლარი ჩაედო.