“ბბ დაზღვევის“ და “ბბ ლიზინგის“ გენერალური დირექტორის, კოტე სულამანიძის განცხადებით, საქართველოში ლიზინგის ბაზარი მზარდია. მხოლოდ „ბბ ლიზინგის“ შემთხვევაში კი, გასულ წელს პორტფელის 79%-იანი ზრდა დაფიქსირდა. როგორც სულამანიძე განმარტავს, მოთხოვნა იზრდება და ლიზინგის მიღებაც მარტივდება. მისივე თქმით, მთლიანად ბაზარი 2024 წელს 45%-ით გაიზარდა.
“ვინაიდან ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა მაღალი გაქვს, სალიზინგო პროდუქტზე მოთხოვნაც იზრდება. მიმდინარე წლის მოლოდინებიც პოზიტიური გვაქვს. წლის დასაწყისი ყოველთვის ნელი ზრდით გამოირჩევა, ხოლო მეორე და მესამე კვარტალიდან უკვე გააქტიურება შეინიშნება ხოლმე და წელსაც ველით ამ პერიოდში უფრო შესამჩნევ ზრდას“, - განაცხადა მან.
მისივე განმარტებით, მომხმარებლების მხრიდან ბოლო პერიოდში ელექტრომობილების ლიზინგის მიმართ ინტერესი გაჩნდა. ეს კი ამ კუთხით ჩინური ბაზრის გააქტიურებას უკავშირდება.
„დიდი ინტერესი გაჩნდა მომხმარებლების მხრიდან ელექტრომობილების ჭრილში და ახალი ბაზრის მოძიების კუთხით, ჩინური ავტომობილები ხდება უფრო პოპულარული. სწორედ ეს ხდება ერთ-ერთი მამოძრავებელი იმისა, რომ ხალხმა განაახლოს ავტოპარკი. ამას დაემატა ისიც, რომ ვინაიდან ახალი ბაზარი გამოჩნდა ჩინეთის სახით, ამას მოჰყვება არამხოლოდ ავტომობილების, არამედ სამშენებლო ტექნიკის ბაზრის განვითარებაც. ეს მიმართულება საკმაოდ სწრაფად იზრდება“, - აღნიშნა მან.


























