მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Logistics Expo 2026 "ექსპო ჯორჯიაში" 12-13 მარტს ჩატარდება

ექსპო

12 დ 13 მარტს "ექსპო ჯორჯიაში" ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა, Logistics Expo 2026 გაიმართება, სადაც კონფერენცია ინდუსტრიის ლიდერებს, ექსპერტებსა და ლოგისტიკური პარტნიორების პოვნით დაინტერესებულ კომპანიებს მთელი რეგიონიდან გააერთიანებს.

Logistics Expo-ს მნიშვნელობასა და უპირატესობებზე, რომლებსაც გამოფენა ადგილობრივ ლოგისტიკურ კომპანიებს მოუტანთ, "საქმიანი დილას" ეთერში გამოფენის მონაწილე კომპანიათა წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

კომპანია MSZ Georgia ადგილობრივ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს და იმპორტიორებს ჩინეთის ბაზარზე შესვლასა და პროდუქციის შესყიდვაში ეხმარება. როგორც MSZ-ის სტრატეგიული განვითარების მენეჯერი ირაკლი ფაცაცია BMG-ის ეთერში აღნიშნავს, "ექსპო ჯორჯიაში" დაგეგმილი გამოფენა ლოგისტიკურ კომპანიებს შუა დერეფნის პოტენციალზე მსჯელობის საშუალებას მისცემთ.

"გამოფენის ფარგლებში ყველაზე მთავარი პრინციპი არის ლოგისტიკური კომპანიების ერთმანეთთან დაახლოება, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი "ექსპო ჯორჯიას" აღნიშნული პროექტისთვის. გამომდინარე დღევანდელი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან, ვთვლი, რომ სატრანსპორტო-ლოგისტიკური მიმართულებით, შუა დერეფნის პრინციპების გათვალისწინებით, დღესდღეობით ძალიან დიდი გამოწვევა აქვს საქართველოს. შესაბამისად, თავისთავად ქართულ ბაზარზეც იქნება კონკურენცია ლოგისტიკურ კომპანიებს შორის, მაგრამ მთავარი ნიშა ამ ეტაპზე არის, რომ შუა დერეფნის ფუნქციონალი შევითავსოთ, ავიღოთ სრულად, გავერთიანდეთ ერთად ქართული ლოგისტიკური და სატრანსპორტო კომპანიები და ამ შესაძლებლობების ფარგლებში გავზარდოთ ტვირთის გამტარიანობა საქართველოს გავლით, რაც თავისთავად არა მხოლოდ კომპანიებს, არამედ ეკონომიკის თვალსაზრისითაც წაადგება სახელმწიფოს", - ამბობს ირაკლი ფაცაცია.

Dry Port-ის კომერციული მენეჯერი ლევან ბერძენიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა კიდევ უფრო აქტუალური მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე გახდა.

"ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მსგავსი ტიპის გამოფენებს. რა თქმა უნდა გამოფენები ტარდება ხოლმე საერთაშორისო თუ ქართული კომპანიების მონაწილეობით, მაგრამ ეს სხვა მასშტაბია, სხვა სტილია, სადაც ძალიან საინტერესო თემები განიხილება. ფაქტია, რომ რვა თვის წინ ჩატარდა პირველი და დიდი რეზონანსი გამოიწვია.

ამ თემამ კიდევ უფრო დიდი აქტუალობა შეიძინა მიმდინარე ვითარებიდან გამომდინარე. შუა დერეფანი მოექცა ყურადრების ქვეშ კიდევ ერთხელ, რადგან ფაქტია, რომ ერთ-ერთი უსაფრთხო მარშრუტი, რაც დღეს დარჩა რუკაზე, არის ეს. გვაქვს ძალიან დიდი შანსები, რომ სწორად გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა. დიდი პატივია ამ ღონისძიების სპონსორობა, მონაწილეობა და ველით სტუმრებს, რომ გავუზიაროთ ჩვენი გეგმები, უახლოესი განვითარების ეტაპები და ახალი სერვისები", - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

გამოფენის მონაწილეთა შორისაა Onway-იც, ადგილობრივი საკურიერო კომპანია, რომელიც ელექტრონული კომერციის ქართულ და საერთაშორისო წარმომადგენლებთან თანამშრომლობს. წელს Onway Logistic Expo-ს მონაწილე პირველად იქნება.

"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებით ჩაივლის ეს გამოფენა. მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, ჩემი აზრით, ვინაიდან ჩვენ ამ წელს საკმაოდ დიდი სიახლეებით ვხვდებით - 3PL მომსახურებას, ანუ მესამე მხარის ლოგისტიკას ვიწყებთ ჩვენი კომპანიის ფარგლებში. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი საერთაშორისო პარტნიორების მოძიება და სწორედ ეს გამოფენა იქნება ამისთვის საუკეთესო საშუალება, რომ გავიცნოთ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლობები და ისეთი სერვისები შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს, რომელიც უკვე საერთაშორისო მასშტაბზე გაიყვანს ჩვენს კომპანიას", - ამბობს Onways დამფუძნებელი თამარ გოგოლაშვილი.

"საქმიანი დილას" ეთერში საერთაშორისო ლოგისტიკური გამოფენის მნიშვნელობაზე "თბილისი კარგო სერვისის" მმართველმა პარტნიორმა, დავით დავითაშვილმაც ისაუბრა.

"ძალიან მოკლე პერიოდში ეს ღონისძიება უკვე მეორედ ტარდება, რაც ძალიან კარგია. პირადად მე დიდი გამოცდილება მაქვს, ხშირად დავდივარ სხვადასხვა ქვეყანაში და მიხარია, რომ მსგავსი რამ საქართველოშიც გაკეთდა. პირველ წელს, იმ პერიოდისა და მასშტაბისთვის, გამოფენა საკმაოდ კარგად ჩატარდა. იმედი მაქვს, წელს კიდევ უკეთესი იქნება და ყველას წარმატებას ვუსურვებ. ჩვენ ხომ მუდმივად ვსაუბრობთ, რომ საქართველო არის ჰაბი, დერეფანი, გვაქვს გამტარუნარიანობა და ა.შ. მოდით, გამოვიყენოთ ეს შანსი. მჯერა, რომ ეს ექსპო და მსგავსი შეხვედრები თავის შედეგს აუცილებლად დადებს", - ამბობს დავით დავითაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები