მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლოგისტიკა არაბულ ქვეყნებში ართულებს და აძვირებს ექსპორტს - „Agritouch"

აგრითაჩი

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება უკვე გაფორმებულია, შედეგად ექსპორტისას ქართული პროდუქციის 97.5% საამიროების ბაზარზე  ტარიფის გარეშე შევა. 

საიმპორტო ტარიფი მოიხსნება საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან პროდუქტებზე, როგორიცაა ხორცი, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ხილ-ბოსტნეულის კონსერვები, უალკოჰოლო სასმელები, აზოტოვანი სასუქები, ტექსტილის ნაწარმი, და ა.შ.

ქართულ კომპანია „Agritouch"-ის პროექტის დირექტორი ექსპორტის მიმართულებით bm.ge-სთან ამბობს, რომ  თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება საამიროებთან სტიმულია იმ კომპანიებისთვის, ვინც არაბულ ქვეყნებში ექსპორტის განხორციელებით არის დაინტერესებული. როგორც კოტე მდინარაძე განმარტავს, საამიროები მაღალმსყიდველუნარიანი ბაზარია, თუმცა ექსპორტიორებისთვის ძირითადად პრობლემას ლოგისტიკა წარმოადგენს, რადგან საჰაერო სატვირთო გადაზიდვები საამიროებთან არ ხორციელდება და პროდუქცია, რომელიც ყურის ქვეყნებში გადის, ძირითადად სამგზავრო რეისებით, ისიც შეზღუდულ პირობებში ხორციელდება.

„საკმაოდ საინტერესო ბაზარია ამ რეგიონის ქვეყნები. მაღალმსყიდველუნარიანობით გამოირჩევიან, რაც ნიშნავს, რომ პრემიუმ ხარისხის პროდუქცია უნდა გავიდეს ამ ბაზარზე და საკმაოდ საინტერესო სამიზნე აუდიტორიას შეხვდეს.

კომპანია Agritouch  2016 წლიდან ახორციელებს ექსპორტს. პირველ ეტაპზე ხორციელდებოდა მხოლოდ ცოცხალი ხილის და ბოსტნეულის ექსპორტი. წლის დასაწყისში დავიწყეთ მოლაპარაკება გადამუშავებული სხვადასხვა პროდუქციის მიწოდებაზე.

მიმდინარე კვირაში ექსპორტზე მიდის 6 კომპანიის პროდუქცია. ჩვენ მოვახდინეთ ამ პროდუქციის კონსოლიდირება საქართველოში და ხვალ წესით გემი უკვე უნდა გავიდეს კატარის მიმართულებით.

ჩვენ ახლა პირველად ვტესტავთ საზღვაო გზით ამ პროდუქციის გადაზიდვის, რადგან სამწუხაროდ მალფუჭებადი ტვირთი აუცილებლად უნდა გაიგზავნოს საჰაერო გზით. საჰაერო სატვირთო გადაზიდვები არ არსებობს, არის მხოლოდ ერთი აეროპორტი მთელი საქართველოს მასშტაბით, ისიც სამგზავრო მიმართულებით. მხოლოდ რამდენიმე პალეტის დადების შესაძლებლობა გვაქვს, რომ გავგზავნოთ პროდუქცია ემირატებში ან სპარსეთის ყურის სხვა ქვეყანაში. ეს ართულებს, აძვირებს ექსპორტს“,-აცხადებს კოტე მდინარაძე.

მისი თქმით, საზღვაო გზით, პროდუქციის დანიშნულების ადგილამდე ჩატანას 30-დან 40 დღემდე სჭირდება. ქართული კომპანია ექსპორტს Lulu Group-თან პარტნიორობით ახორციელებს. ეს ნიშნავს, რომ ქართული პროდუქცია კატარში, "ლულუს ჰიპერმარკეტების" ქსელში გამოჩნდება.

Agritouch არ გამორიცხავს საცდელი პარტიის წარმატებით ექსპორტის შემდეგ Lulu Group-თან პარტნიორობით ქართული პროდუქტი ყურის სხვა ქვეყნების ბაზრებზეც გამოჩნდეს.

აღსანიშნია, რომ 2022 წელს საქართველოსა და საამიროებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2022 წელს რეკორდულ 314 მილიონ დოლარს მიაღწია. ამ თანხიდან იმპორტზე 283 მილიონი დოლარი მოდიოდა, ხოლო ექსპორტი 31 მილიონი დოლარი იყო. საქართველოდან UAE-ში მთავარი სავაჭრო საქონელი მსუბუქი ავტომობილებია. გასულ წელს ექსპორტმა 11 მილიონი დოლარი შეადგინა. მეორე პოზიციაზე $2 მილიონით ხალიჩები გავიდა, მესამე პოზიცია კი 1.9 მილიონით სპირტიანმა სასმელებმა დაიკავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები