ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის თქმით, ლოგისტიკიდან გამომდინარე, პერიოდულად, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტების დეფიციტი იქმნება.
როგორც ის ამბობს, ეს არ არის მასშტაბური დეფიციტი, რადგან 263 მედიკამენტიდან, შესაძლოა დეფიციტი 10 მათგანზე დაფიქსირდეს.
„რაც შეეხება კონკრეტულ დეფიციტებს, ჩვენი პროგრამით, ბუნებრივია ყველა ბრენდის, დასახელების, ყველა მედიკამენტს სახელმწიფო პროგრამა ვერ დააფინანსებს. ეს არსად არ ხდება, მე ყოველ შემთხვევაში არ მსმენია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ასე ფინანსდებოდეს. სამაგიეროდ ჩვენ გვაქვს 263 მედიკამენტი, კონკრეტული დასახელების, ზოგი ერთმანეთის ჩამნაცვლებელია. პრაქტიკულად ონკოლოგიური დაავადება არ რჩება, რომლის რელევანტური სამკურნალო მედიკამენტი არ არის პროგრამით გათვალისწინებული.
გარკვეული პერიოდი იქმნება ხანმოკლე დეფიციტი, რაც ლოჯისტიკური მარაგების შევსებიდან გამომდინარეა. ამ კუთხითაც ვმუშაობთ, როგორ დავძლიოთ ეს მაგრამ საუბარი შეიძლება იყოს 263-იდან, მაგალითად 10 სახეობაზე, ეს არ არის თავის გამართლება. ეს პრობლემა გადასაჭრელია, მაგრამ მასშტაბები რომ იცოდეთ და არავის ეგონოს, რომ დღეს საქართველოში არ არის, მაგალითად, სამკურნალო საშუალებები - ასეთი ტყუილით არავინ შეიყვანოს ადამიანები შეცდომაში, რომლებისთვისაც განსაკუთრებულად სენსიტიურია ასეთი ტიპის ინფორმაცია“, - განაცხადა მან.