მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლომბარდებს ყველა დალომბარდებულ ნივთზე შსს-ისთვის ინფორმაციის მიწოდება დაევალათ

603cf382accc7
შოთა ტყეშელაშვილი
01.03.21 18:16
4355
ლომაბრდებს, ანუ “სესხის გამცემ სუბიექტებს” აქვთ ვალდებულება 1 აპრილისთვის უკვე იყვნენ დარეგისტრირებული შსს-ს მიერ შექმნილ სპეციალურ ელექტრონულ პორტალზე, რის შემდეგაც მათ თითოეული ნივთის ჩამბარებლის და მიღებული ნივთის შესახებ ინფორმაცია ავტომატურად უნდა წარადგინონ. ცვლილება ლომბარდების სექტორში არალეგალური და ზოგჯერ მოპარული საქონლის ბრუნვის შემცირებას ისახავს მიზნად.

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ბრძანების მიხედვით, არსებულ ორგანიზაციებთან ერთად ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება ამ ბრძანების ძალაში შესვლის შემდგომ რეგისტრირებულ სესხის გამცემ სუბიექტებსაც აქვთ.

“სესხის გამცემი სუბიექტი ვალდებულია, სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში სამინისტროს მიერ შემუშავებული ელექტრონული სერვისის ინტეგრაცია განახორციელოს სამინისტროსთვის მიმართვიდან ორი თვის ვადაში. აღნიშნულ ვადაში სუბიექტის სპეციალური ელექტრონული პროგრამის სამინისტროს მონაცემთა ბაზასთან ქსელურ კავშირს ერთობლივად უზრუნველყოფენ სუბიექტი და სამინისტრო,” - ნათქვამია ბრძანებაში.

არსებული მდგომარეობით, ლომბარდებს ერთთვიანი ვადა აქვთ, რათა სპეციალურ ბაზასთან საკუთარი პროცესების ინტეგრაცია მოახდინონ. სესხის გამცემი ორგანიზაციების ასოციაციაში აცხადებენ, რომ ახალი რეგულაცია დამატებითი ხარჯი იქნება ლომბარდებისთვის, თუმცა ამასთანავე, ეს ცვლილება დარგში საეჭვო გარიგებების მოცულობას შეამცირებს.

"1 თებერვლიდან 1 მარტამდე კომპანიებს რეგისტრაცია დაევალათ ამ პორტალზე, 1 მარტიდან 1 აპრილამდე კი, კომპანიებმა ინტეგრაცია უნდა მოახდინონ საკუთარი პროცესების ამ პორტალზე. რა თქმა უნდა, ამ რეგულაციას ექნება დამატებითი ხარჯები კომპანიებისთვის. ამ წუთისთვის მიმდინარეობს ამ ყველაფრისთვის აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფა. ამაში უნდა ჩანდეს სესხის უზრუნველყოფაში ჩადებული ყველა ნივთი და ინფორმაცია დაფარული სესხების შესახებ. ტექნიკური ხასიათის ხარვეზი გამოჩნდება უკვე შემდეგ, როდესაც დაინერგება ეს პრაქტიკა, ჯერჯერობით, ასეთი ხარვეზი არ ჩანს.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს რეგულაცია იცავს როგორც მომხმარებელს, ასევე, ჩვენ სექტორს, რადგან ლომბარდებში არაკეთილსინდისიერად მოპოვებული ქონება თუ ძვირფასეულობა  პრაქტიკულად გამოირიცხება", - აცხადებს “სესხის გამცემი ორგანიზაციის” დამფუძნებელი ვახტანგ გრიგალაშვილი.

ახალი ვალდებულება ლომბარდებს 2019 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით დაეკისრათ, როდესაც სესხის გამცემი ობიექტებისთვის რეგულაციები შეიცვალა, მათ შორის, შემცირდა ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზედა ჭერი, დადგინდა პიგრასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა და ა.შ. მაშინდელი ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებდა, რომ ლომბარდების საქიანობა არ არის გამჭვირვალე და ხშირია, როცა მოპარული ნივთები სწორედ მათი მეშვეობით იყიდება.

ამ დროისთვის ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე 200-მდე სესხის გამცემი სუბიექტია დარეგისტრირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები