“საქართველოს განვითარების ფონდის” დელეგაცია საქმიანი ვიზიტით დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ რიგით მეორე ქართულ საინვესტიციო ფორუმზე იმყოფებოდა. ინფორმაციას თავად ფონდი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და EBRD-ის მხარდაჭერით გაიმართა და მისი მიზანი, საქართველოს მაკროეკონომიკური პერსპექტივის, საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ფაქტორების გაცნობა წარმოადგენდა. ფორუმზე საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციისკენ წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები და ახალი საინვესტიციო პოტენციალი განიხილეს.
"საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა სესიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც საქართველოს ზოგად საინვესტიციო გარემოსთან ერთად კონკრეტული საინვესტიციო სექტორები განიხილეს, მათ შორის: ენერგეტიკის, ლოგისტიკისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიების დინამიკა.
“ასეთ საინვესტიციო ფორუმებში “საქართველოს განვითარების ფონდის” მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გვაძლევს საშუალებას, კიდევ უფრო გავაფართოოთ პოტენციურ ინვესტორთა წრე. ფორუმს ბრიტანეთიდან 100-ზე მეტი დაინტერესებული ინვესტორი ესწრებოდა, ჩვენთვის ეს იყო კარგი შესაძლებლობა გვესაუბრა მათთან სამომავლო, ერთობლივ საინვესტიციო პროექტების შესაძლებლობებზე”, – განაცხადა “საქართველოს განვითარების ფონდის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ბესიკ ბუგიანიშვილმა.
BM.GE დაინტერესდა რა მოცულობის ინვესტიციების შემოვიდა გასულ წელს დიდი ბრიტანეთიდან, სტატისტიკა ასეთია: 2023 წლის სამ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – 188.2 მლნ. აშშ დოლარით.
სრული წლის მონაცემი სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ჯერ არ გამოუქვეყნებია. 2022 წლის მონაცემებით კი, დიდი ბრიტანეთიდან ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა 437 მილიონი დოლარი.
ბოლო 10 წელიწადში გაერთიანებული სამეფოდან 2.9 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ წლებში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების 18%-ია.
ერთ-ერთ მთავარ ინვესტორ ქვეყანაში, ფორუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და EBRD-ის მხარდაჭერით გაიმართა.
ოფიციალური ინფორმაციით, საინვესტიციო ფორუმის მიზანს, რომელსაც დიდ ბრიტანეთში EBRD-მა უმასპინძლა, საქართველოს მაკროეკონომიკური პერსპექტივის, საინვესტიციო შესაძლებლობებისა და
ფაქტორების გაცნობა წარმოადგენდა. ფორუმზე განიხილეს საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციისკენ წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები და ახალი საინვესტიციო პოტენციალი.