რუსეთ-უკრაინის ომს გაყიდვებზე გავლენა არ მოუხდენია, თუმცა ბიზნესებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო, - ამის შესახებ bm.ge-ს “ლუკა პოლარეს” დირექტორმა, თეა თაბაგარმა განუცხადა. მისი თქმით, ბიზნესისთვის გამოწვევა იყო ასევე ნედლეულზე ფასების ზრდა, რის გამოც კომპანიას ნაყინზე ფასის გადახედვა მოუწია.
“ჩვენი გეგმის მიხედვით, პანდემიის შემდეგ და რეგიონში კონფლიქტის მიუხედავად, გავხსენით დამატებით 4 ფილიალი, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მასშტაბით “ლუკა პოლარე” უკვე 23 ფილიალით არის წარმოდგენილი. გასულ წელთან შედარებით წელს მოთხოვნა საკმაოდ გაზრდილი იყო, რაც ტურისტების დიდმა ნაკადმა განაპირობა, ასევე მაღალმა ტემპერატურამ. ნედლეულზე ფასის ზრდა ჩვენთვის ხელის შემშლელია, ასევე გაგვეზარდა საოპერაციო ხარჯებიც, ამის გამო, იძულებული გავხდით აგვისტოში ნაყინის ფასისთვის გადაგვეხედა.
ნედლეულს ძირითადად ქართული მეურნეობებისგან ვიღებთ, განსაკუთრებით ხილს და რძეს, თუმცა არის გარკვეული პროდუქტები, რისი იმპორტსაც ვახორციელებთ, ამიტომ გვიწევს ეს პროდუქტები გაზრდილი ფასებით შევიძინოთ. რაც საბოლოო პროდუქტზე ფასის მატებას იწვევს და “ლუკა პოლარეს” ნაყინის ფასმაც დაახლოებით 15%-ით მოიმატა”, - ამბობს თეა თაბაგარი.
ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის დასაწყისში, 5 თვის მონაცემებით, სხვადასხვა ქვეყნიდან 384 ტონა ნაყინის იმპორტი განხორციელდა.
საქსტატის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2022 წლის იანვარ-მაისში ნაყინის იმპორტის ღერებულება და მოცულობები გასული წლის ამავე პერიოდების მაჩვენებელს აღემატება (2021 წლის 5 თვე - 1.2 მლნ დოლარი, 318 ტონა; 2020 წლის 5 თვე - 393 ათასი დოლარი, 127 ტონა; 2019 წლის 5 თვე - 1.1 მლნ დოლარი, 260 ტონა).
რაც შეეხება ნაყინის ექსპორტს, ამ მხრივ ქვეყანას დაბალი მაჩვენებელი აქვს. მიმდინარე წლის 5 თვეში სულ 191 ათასი დოლარის ღირებულების, 25 ტონა ნაყინის რეალიზაცია მოხდა. საექსპორტო ბაზრები კი ისრაელი (97 ათასი დოლარი, 15 ტონა) და სომხეთი (93 ათასი დოლარი, 9 ტონა) იყო.




























