მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლუკა პოლარე“ კიდევ ერთ ფილიალს „ბაზარი ორბელიანზე“ ხსნის - ინვესტიცია ₾160 000-ია

6426ae7e491b2
ვიქტორია მღებრიშვილი
01.04.23 09:55
1207
კაფე-სანაყინეების ქსელი „ლუკა პოლარე“ მიმდინარე წელს კიდევ ერთ ფილიალს „ბაზარი ორბელიანზე“ ხსნის.

როგორც BM.GE-ს კომპანიაში უთხრეს ახალი ლოკაციის ასამოქმედებლად 160 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდო და ობიექტი სტუმრებისთვის საზეიმოდ დღეს, 15 საათზე გაიხსნება. აღნიშნული ობიექტი თბილისის მასშტაბით „ლუკა პოლარეს“ რიგით მე-16 ფილიალია.

“ვფიქრობთ, “ბაზარი ორბელიანზე” საინტერესო სივრცეა და ჩვენი ბრენდების კოლაბორაცია წარმატებული იქნება. მიმდინარე სეზონზე, ბათუმის შემდეგ, ეს უკვე ჩვენი მეორე ახალი ფილიალია და ძალიან მალე კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს დავაანონსებთ“, - ამბობს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი ანი ციცქიშვილი და აღნიშნავს, რომ ფილიალში 6 ადამიანი დასაქმდება, ზაფხულის სეზონზე კი დასაქმებულთა რაოდენობა 50-მდე გაიზრდება.

ახალი ფილიალის გახსნის ღონისძიებაზე ჯამბაზები და ანიმატორები პატარებისთვის გასართობ შოუ პროგრამას გამართავენ.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მიმდინარე წელს ქსელის განვითარების ფარგლებში ახალი ფილიალების დამატებას ბათუმში გეგმავენ, ზაფხულამდე კი „ლუკა პოლარე“ ქვეყნის ფარგლებს გასცდება და პირველ ფილიალს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გახსნის, რის შემდეგადაც მეორე ფილიალის გახსნა უზბეკეთში იგეგმება, თუმცა დეტალებზე „ლუკა პოლარეს“ მენეჯმენტში ჯერ არ საუბრობენ.

ცნობისთვის: კაფე-სანაყინეების ქსელი „ლუკა პოლარე“ 15 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს 80-მდე სახეობის ნაყინს და ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს. „ლუკა პოლარე“ საქართველოს მასშტაბით 5 ქალაქშია წარმოდგენილი: თბილისში 16, ბათუმში - 5 , ქობულეთში - 1, ქუთაისში 1 და რუსთავში 1 ფილიალით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები