მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაჩვენეთ, ვინ აგზავნის თავის შვილებს რუსეთში?! მაშინ ვიტყოდი, რომ ვიღაცა პრორუსია - პრეზიდენტი

64a03bd072644
სალომე ხიდურელი
01.07.23 18:48
681
ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ 12 რეკომენდაციას შორის დეპოლარიზაცია პირველი პუნქტია. სწორედ ამ საკითხს შეეხებოდა ჟურნალისტის კითხვა პრეზიდენტთან, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ მისი არაერთი მცდელობის მიუხედავად, დეპოლარიზაციისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადაიდგა.

„მე არ მგონია, რომ კანდიდატის სტატუსმა ის შედეგი გამოიღოს, რასაც ჩვენ თვითონ ვერ ვაღწევთ. დეპოლარიზაცია ჩვენი მისაღწევი შედეგია, გარე ფაქტორებიდან გამომდინარე კი არ უნდა მივიღოთ ის. დეპოლარიზაცია არის დღეს და აქ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, თუ დღეს გამართულ „თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე“ ხელისუფლების წარმომადგენელი ერთი ქალი მაინც გამოჩნდებოდა.

„ქალები მმართველი პარტიიდან, პარლამენტიდან, მთავრობიდან... ერთი მაინც არ უნდა მოსულიყო?! ერთს არ აქვს ინტერესი ქალთა უფლებებისთვის?! ქალები და მშვიდობა?! ქალები და უსაფრთხოება?! ერთს არ აქვს პატივისცემა, რომ მოსულიყვნენ?! ეს იქნებოდა მარტივი დეპოლარიზაცია.

კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ, დეპოლარიზაცია პატარ-პატარა ნაბიჯებისგან შედგება. როდესაც ვაპირებდი, ჯერ - სტრასტუბრგში, შემდეგ ბრუსელში ჩასვლას, შევთავაზე ყველა პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ქალ წარმომადგენლებს, ჩემთან ერთად წამოსულიყვნენ. იქ სიტყვა მხოლოდ მე მექნებოდა და პოლიტიკური ჭიდილის ადგილი არ იქნებოდა. ჩვენ ამით ვაჩვენებდით მაგალითს, რომ საქართველოს ქალებმა დეპოლარიზაციისკენ ერთი ნაბიჯი გადადგეს. ვეხვეწე, მაგრამ უარი მივიღე მმართველი პარტიის ყველა წარმომადგენლისგან“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი და აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიის წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ აღნიშნულ შეხვედრაზე ხელისუფლების კრიტიკაზე უარი თქვა.

კიდევ ერთი მაგალითი, რომელსაც პრეზიდენტი დეპოლარიზაციის მცდელობად იხსენებს, რუსთაველის თეატრში მოწყობილი „1000 ქალი ევროპისთვის“ ღონისძიებაა: „იქაც ვერ მივაღწიე, რომ ერთი ქალი მაინც, პარლამენტის, მთავრობის, პარტიის ოფიციალური წარმომადგენელი, ვინმე მოსულიყო, დამჯდარიყო ამ 1000 ქალთან ერთად, რომ ყოფილიყო გაერთიანებული საზოგადოება - ეს არის დეპოლარიზაცია“.

პრეზიდენტის განმარტებით, სწორედ ამის გამო თვლის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი დეპოლარიზაციას არ მოიტანს, თუმცა თვლის, რომ სამოქალაქო საზოგადოებაც და მმართველი პარტიაც ამ საკითხს ერთგვაროვნად უყურებენ.

„დარწმუნეული ვარ, რომ ეს საკითხი მმართველ პარტიაში ერთგვაროვნად არის აღქმული, რადგან ყველას, ვისაც აქვს საშუალება და პასპორტები, ევროკავშირში სწავლა უნდათ. ერთი მაჩვენეთ, ვინ აგზავნის თავის შვილებს რუსეთში?! მაშინ ვიტყოდი, რომ ეს ვიღაცა არის პრორუსი, მაგრამ მე ასეთი არავინ ვიცი და თუ გაერთიანებული ვართ ამაზე, პოლიტიკური დაპირისპირებისთვის არ უნდა გამოვიყენოთ კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები