ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ თუ ვენესუელას ლიდერი, ნიკოლას მადურო თანამდებობიდან გადადგომასა და ქვეყნის დატოვებას გადაწყვეტს, მას ბელარუსში სიამოვნებით მიიღებენ.
ქვეყნის ერთპიროვნულმა მმართველმა აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ შეთავაზებაა და არავითარი მოლაპარაკებები ამ კუთხით ორი სახელმწიფოს ლიდერს შორის არ გამართულა. ამერიკული გამოცემა Newsmax-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ლუკაშენკომ ვენესუელასა და ბელარუსის ახლო მეგობრულ კავშირებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამხრეთ ამერიკულ ქვეყანას ისეთი ძლიერი ლიდერი ჰყავს, რომელიც თავად არსად არ გაიქცევა.
ევროპის უკანასკნელმა დიქტატორმა, როგორც წლების განმავლობაში ის თავს მოიხსენიებდა, ამერიკას ვენესუელასთან არსებული დაპირისპირების მშვიდობიანად გადაჭრისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ თუ შტატები მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ ომს გამოაცხადებს, იქ “მეორე ვიეტნამი” მოელის. ლუკაშენკომ ასევე თქვა, რომ მზად არის, მადუროს ტრამპთან უშუამდგომლოს, რადგან გაჟღერებული ბრალდებები ნარკოტიკებით ვაჭრობის ქსელთან დაკავშირებით, მისი შეფასებით, სიცრუეა.
ლუკაშენკოს მიერ ვენესუელას თემაზე საუბარი განპირობებულია ბოლო თვეების განმავლობაში სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთით შტატების სამხედრო აქტივობისა და მუქარების გაზრდით. ეს, ერთი მხრივ, ვენესუელას წყლების სიახლოვეს მსოფლიოს უდიდესი ავიამზიდის, ასევე მოიერიშე თვითმფრინავების, სტრატეგიული ბომბმდამშენებისა და წყალქვეშა ნავების გადასროლითაა გამოწვეული. მეორე მხრივ კი ტრამპის მუქარით, რომ “მადუროს დღეები დათვლილია” და ის ნარკოკარტელი, რომელსაც მადურო ხელმძღვანელობს, მალე განადგურდება.




























