საერთაშორისო სატრანსპორტო ინდუსტრიის ტიტანის, Maersk-მა დღეს, ინვესტორებს საგანგაშო სიახლე გააცნო. როგორც ჩანს, კომპანიის ხელმძღვანელობა სამსახურიდან 10,000 თანამშრომლის განთავისუფლებას გეგმავს, რაც გაუარესებულ ფინანსურ მდგომარეობასთან პირდაპირ კავშირშია.
მესამე კვარტალში კომპანიამ 12 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის ორჯერ ნაკლებია. Maersk-ის ხელმძღვანელობის განმარტებით, შემოსავლების შემცირება პირდაპირ კავშირშია მსოფლიოს მასშტაბით გაუარესებულ გეოპოლიტიკურ და მაკროეკონომიკურ ვითარებასთან.
სანქციების, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისა და კონფლიქტების პერიოდში, მოქალაქეებს ნაკლები პროდუქციის შეძენა სურთ, Maersk-ის შემოსავლები კი პირდაპირაა დამოკიდებული საერთაშორისო ვაჭრობაზე.
ბუნებრივია, არასახარბიელო კვარტალური შედეგები ინვესტორებმა ნეგატიურად მიიღეს და ამბის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში კომპანიის აქციების ღირებულება თითქმის 18%-ით დაეცა.