„ევროოპტიმისტების“ წევრი, რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ უმაღლესი თანამდებობის პირების ხელფასის ზრდის ინიციატივა პარლამენტში ანაზღაურების მატების გაგრძელებაა.
მისი თქმით, ზოგადად, მთავრობის წევრებს მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეთ, თუმცა ამას ეფექტიანი მუშაობაც ახლდეს თან.
„ჯაჭვური რეაქციასავით გამოვიდა, პარლამენტმა 8,000 ლარი დაინიშნა რიგით დეპუტატებზე, თანამდებობის პირებზე კიდევ უფრო მეტი. როგორც იტყვიან, თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამაო. ანუ რეალურად, ეს სქემა აქედან წამოვიდა. მაღალი ხელფასი საჭიროა, მაგრამ იმათთვის ვინც მუშაობს. სიაში ეწერებიან და მერე პარლამენტში წელიწადში ერთხელ გამოჩნდებიან, „ქართული ოცნების“ დეპუტატების 90% არაფერს აკეთებს, ასეთი მაღალი ხელფასი უბრალოდ დაცინვაა“,- აღნიშნა რომან გოცირიძემ BMG-სთან.
დეპუტატის თქმით, ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი, დაუჭერს თუ არა მხარს აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას.
ცნობისთვის, "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის ინიციატორები "ქართული ოცნების" დეპუტატები არიან, პარლამენტში დღეს დარეგისტრირდა და უმაღლესი თანამდებობის პირების ანაზღაურებების მნიშვნელოვან მატებას ითვალისწინებს. დამტკიცების შემთხვევაში, 2025 წლიდან პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ხელფასი თვეში 13,300 ლარი, ანუ წელიწადში 159,600 ლარი იქნება. მინისტრის ხელფასი - 11,305 ლარი, ანუ წელიწადში 135,660 ლარი.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2025 წლის პირველი იანვრიდან მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრების საბაზისო ანაზღაურება 3,626 ლარით იზრდება და 8,250 ლარს მიაღწევს.