სანქციები, რომელიც გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს მირზა კეზევაძის მიმართ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აამოქმედა მაგნიტსკის აქტს ეფუძნება, რომელსაც აშშ ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან დამრღვევთა და კორუფციაში ჩართული პირების მიმართ იყენებს. ამ აქტით სანქცირებულთა სია საკმაოდ გრძელია და აქ შედიან გვატემალის; გვინეის; ზიმბაბვეს და რუსეთის მაღალჩინოსნებიც, სია 2012 წელს შეიქმნა, სადაც ქართველი მაღალჩინოსნები პირველად 2024 წლის სექტემბერში მოხვდნენ.
"სტემსქეილის" კომერციალიზაციის და გლობალური კავშირების დირექტორი დავით არჩვაძე ამბობს, რომ დასანქცირება შეიძლება ინდივიდუალური პირების მიმართ ხდება და სიაშიც მათი სახელი იწერება, მაგრამ ეს მნიშვნელოვან რისკებს ქმნის ქვეყნის მისამართით. უფრო კონკრეტულად კი საბანკო სექტორის მიმართ, რომელსაც სანქციების აღსრულება ყველა შემთხვევაში მოუწევს.
“ვინმეს მითითებით ამ სიაში მოხვედრა შეუძლებელია, ეს ადასტურებს იმას, რომ ხდებოდა სისტემური დანაშაული. მაგნიტსკის სიაში მოხვედრილი საქართველოს მაღალჩინოსნები ადასტურებს იმას, რომ საქართველოს მთავრობა უხეშად არღვევს საქართველოს უფლებებს და იყენებს მის ძალაუფლებას საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პროტესტი რა საკითხს ეხებოდა, როდესაც ასეთი დანაშაული ცალსახად არასწორია და დასაგმობია.
რადგანაც ჩვენი პარტნიორები დაგმობიდან გადავიდნენ მოქმედებაზე და დაასანქცირეს ის პირები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ამ კანონდარღვევებს, შეგვიძლია, ვიფიქროთ, რომ ეს იყო სიგნალი ამ პირების დაქვემდებარებული ადამიანებისთვისაც, რადგან ამ სიაში მოხვედრილი ადამიანი ხდება კეთროვანი, არ შეიძლება მასთან არანაირი ბიზნეს-საქმიანობის დაჭერა, ნებისმიერი პირი, რომლებიც ამერიკის ხაზინის აზრით, მოახდენს უზრუნველყოფას, რომ მათ თავი აარიდონ ამ სანქციებს, შეზღუდვები მათაც შეეხებათ. პირველ რიგში ეს არის ჩვენი საბანკო სისტემისთვის არის სიგნალი, მიუხედავად იმისა, რა ზეწოლა იქნება თუ მითითება, ძალიან დიდი რისკის ქვეშ დგებიან, ისინი რომ დასანქცირდნენ და შეეზღუდოთ წვდომა საერთაშორისო სახსრებთან.
არ ვთვლი, რომ რომელიმე ბანკი აიღებს ამ რისკს თავის თავზე, მით უმეტეს მაშინ, როცა გვაქვს მაგალითები, ბევრი გაცილებით უფრო დიდი საფინანსო ინსტიტუტი მოხვდა სანქციების ქვეშ, როცა გაჩნდა ეჭვი, რომ ისინი ეხმარებოდნენ სანქცირებულ რუს პირებს,” - ამბობს სტემსქეილის კომერციალიზაციის და გლობალური კავშირების დირექტორი დავით არჩვაძე.